არასრულწლოვანი პატიმრის გარდაცვალება

სუბარი: შესაძლოა, გარდაცვლილ პატიმარს ვინმესთან უთანხმოება ჰქონდა

სოზარ სუბარი

ქუთაისის საპატიმროში გარდაცვლილი 16 წლის გოგი ძველაიას ოჯახის წევრების ინფორმაციით, არასრულწლოვანს პრობლემები ე.წ. ციხის მაყურებელთან ჰქონდა და, სავარაუდოდ, ტრაგედიის მიზეზი სწორედ ეს დაპირისპირება გახდა. სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის თქმით კი, შესაძლოა, ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვანს ვინმესთან უთანხმოება ჰქონდა და ამიტომ მოითხოვა საკანში მარტო ყოფნა. სუბარის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ცალკე საკანში მოთავსება ითხოვა, შესაბამისი განცხადებაც დაწერა და საკანში მარტო იმყოფებოდა.

"მას პატიმრობაც კი არ ჰქონდა მისჯილი, შეფარდებული ჰქონდა გირაო და ოჯახის მხრიდან თანხის გადახდის შემდეგ, გათავისუფლდებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო სუიციდი, თუმცა საბოლოო პასუხს ამ კითხვას გამოძიება გასცემს. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი და პირველად მოხდა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში", - აღნიშნა სუბარმა.

ცნობისთვის, ქუთაისის N2 საპყრობილეში სენაკელი არასრულწლოვანი პატიმარი გოგი ძველაია გარდაიცვალა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, არასრულწლოვანი მარიამობის დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა იგი საპატიმროში მეორედ მოხვდა. ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის ახალგაზრდა საპატიმროში ერთი დღის მიყვანილი იყო.

 

კომენტარები