არასრულწლოვანი პატიმრის გარდაცვალება

დევდარიანი: არ გვაქვს იმის დოკუმენტი, რომ ძველაია სუიციდისკენ იყო მიდრეკილი

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის მიხეილ დევდარიანის განცხადებით, სამინისტროში არ არსებობს დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ 16 წლის გოგა ძველაიას თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება ჰქონდა. როგორც დევდარიანმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ძველაია დაწესებულებაში ერთი დღის შეყვანილი იყო და ამ დროის მანძილზე,  დაწესებულების სოციალურმა მუშაკმა და დირექტორმა რვაჯერ მოინახულეს. მისი თქმითვე, როდესაც ნახევარსაათიანი ინტერვალის შემდეგ, მეცხრედ შევიდა პატიმართან სოციალური მუშაკი, ის უკვე გარდაცვლილი იყო.

"პატიმარს მთელი დღის განმავლობაში არაფერი ეტყობოდა, რომ იყო ან დეპრესიულ მდგომარეობაში ან ის, რომ მიდრეკილი იყო სუიციდისკენ. ძველაიამ განმარტოებით საკანი მოითხოვა და იმის გამო, რომ ბავშვი უყურადღებოდ არ ყოფილიყო, ყურადღებას აქცევდნენ და ასე ხშირად მასთან ამიტომ შედიოდნენ. გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც ყველა კითხვას გასცემს პასუხს", - აღნიშნა დევდარიანმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, არსებობს გამოკითხვის ოქმი, სადაც დაფიქსირებულია, რომ პირველი პატიმრობისას გოგა ძველაიას თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება ჰქონდა. მისი თქმით, თუ სასჯელაღსრულების სამინისტროს ეს ინფორმაცია ჰქონდა, უფრო წინდახედულად უნდა ემოქმედა.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ როდესაც გოგი ძველაია პირველად იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სოციალურმა მუშაკმა გამოკითხა. კითხვაზე, აქვს თუ არა მიდრეკილება თვითმკვლელობისკენ? - პასუხი იყო გაცემული, რომ კი, აქვს. დავუშვათ, სამინისტროს ეს ინფორმაცია ჰქონდა, მას სხვადასხვა ზომები უნდა მიეღო - საკანი უნდა აღეჭურვა შესაბამისი ვიდეოგადამღებით, რომ თუ არასრულწლოვანი რაიმე საეჭვოს გაკეთებას დაიწყებდა, დაუყოვნებლივ აღეკვეთათ ფაქტი", - განაცხადა კოჟორიძემ და აღნიშნა, რომ სოციალური მუშაკის მიერ ჩატარებული გამოკითხვის დოკუმენტი სასჯელაღსრულების სამინისტროში უნდა ინახებოდეს.

ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი 16 წლის გოგა ძველაიას მამა კი აცხადებს, რომ სამინისტრო საპყრობილეში გადაღებული კადრების გადაცემას აჭიანურებს. ამიტომაც, ძველაია შიმშილობის დაწყებას აპირებს. მისი თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტრო კადრების ნახვას სთავაზობს, თუმცა გარდაცვლილის მამა კადრების გადაცემას ითხოვს, რათა დამოუკიდებელ ექსპერტს შეამოწმებინოს.

ცნობისთვის, 16 წლის გოგა ძველაია ქუთაისის #2 დაწესებულებაში გარდაცვლილი იპოვეს. ის საპყრობილეში ერთი დღის მიყვანილი იყო. გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვანმა, რომელსაც გირაო ჰქონდა შეფარდებული, თავი მოიკლა.

კომენტარები