არასრულწლოვანი პატიმრის გარდაცვალება

ძველაიას ოჯახს სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეომასალას ხვალ უჩვენებენ

http://www.mcla.gov.ge/

არასრულწლოვანი გარდაცვლილი პატიმრის, 16 წლის გოგა ძველაიას ოჯახს ციხის სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეომასალას, სავარაუდოდ, ხვალ უჩვენებენ. გამოძიების დასრულებამდე ოჯახი არასრულწლოვანი პატიმრის დასაფლავებაზე უარს აცხადებს. ისინი ადვოკატთან და ექსპერტთან ერთად სასჯელაღსრულების მინისტრს სოზარ სუბარს შეხვდნენ და ის საკანი დაათვალიერეს, სადაც გამოძიების ვერსიით, ძველაიამ თავი მოიკლა. გოგა ძველაიას მამა კი ამბობს, რომ მისი შვილი ჯერ მოკლეს და საკანში შემდეგ შეიყვანეს.

ციხის ადმინისტრაცია მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. მათი თქმით, ძველაია საკანში მარტო იმყოფებოდა და კონტაქტი მხოლოდ ადმინისტრაციასთან ჰქონდა. სასჯელაღსრულების მინისტრი, სოზარ სუბარი ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის, გოგა ძველაიას მამას  ციხის დერეფანში გადაღებული ვიდეოჩანაწერის ჩვენებას დაჰპირდა. 

გოგა ძველაიას ოჯახმა სასჯელაღსრულების სამინისტროს დღეს გარდაცვლილის წესის აგებასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან შუამდგომლობა სთხოვა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, მიხეილ ღურწკაიას თქმით, თხოვნა სამინისტრომ საპატრიარქოს გუშინ საღამოს გადასცა.

 

კომენტარები