არასრულწლოვანი პატიმრის გარდაცვალება

სააკაშვილი: ხელისუფლება კანონიერ ქურდებს ხელს აფარებს

www.chveniambebi.info

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ქუთაისის #2 საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმრის თვითმკვლელობის ვერსია საეჭვოა. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სენაკში, 16 წლის გოგა ძველაიას ოჯახს მიუსამძიმრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ძველაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება მარიამობას, პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა, რადგან წვრილმანი დანაშაულის გამო იყო გასამართლებული. მისივე თქმით, ძველაია ციხეს ამჯერადაც მალე დატოვებდა, ვინაიდან გირაო ჰქონდა შეფარდებული. 

"ბიჭს ჰქონდა კონფლიქტი ციხეში დაბრუნებულ მაყურებლებთან. ჩხუბისას მაყურებელი დაემუქრა, რომ მას მოკლავდა, თუ კიდევ ერთხელ მოხვდებოდა იმავე ციხეში. მან დაწერა განცხადება ცალკე საკანში მოთავსების შესახებ. ჩემს დროს ქურდები და მაყურებლები ციხეში აღარ იყვნენ. მინდა, მათ გასაგონად ვთქვა, ვისაც სინდისი არ აქვს და დღედაღამ ლაპარაკობს, რომ ხალხს სისხლს წოვდნენ ციხეებში. ჯალათი და ადამიანის უფლების დამრღვევი ფსიქოლოგიის ადამიანები შეიძლება ყველა მთავრობის დროს იყვნენ. მთავარია, მთავრობას რა რეაქცია ექნება. ციხის ადმინისტრაციაში შეიძლება იყოს შეპარული კრიმინალური ფსიქოლოგიის მქონე ადამიანი, მაგალითად, ისეთი, როგორიც ბედუკაძეა. დაკანონებული ქურდები და მაყურებლები იყვნენ მხოლოდ შევარდნაძის დროს და არიან მხოლოდ ივანიშვილის დროს - ჩემს დროს ისინი არ იყვნენ", - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ციხის ადმინისტრაციამ გარდაცვლილის ოჯახს უთხრა, რომ საკანში გადაღებულ ვიდეომასალაში ხარვეზებია. პრეზიდენტს საეჭვოდ ეჩვენება ის, რომ კამერას ზუსტად მაშინ ჰქონდა ხარვეზი, როდესაც ტრაგიკული ფაქტი მოხდა. 

"ჰკითხეთ საკუთარ თავს - ჯეჯილობდნენ თუ არა ქურდები სააკაშვილის დროს და არიან თუ არა ივანიშვილის დროს, ისევე, როგორც შევარდნაძის დროს, დაბრუნდნენ თუ არა ისინი ციხეში. ფაქტია, რომ მაყურებელთან ჰქონდა ჩხუბი, დაწერა განცხადება, მომკლავენო და რამდენიმე საათში კლავენ. ჩვენს დროსაც ციხეში ხდებოდა ბევრი უბედურება, მაგრამ ჩემი პრეზიდენტობისას ქურდები და მაყურებლები ციხეს არ მართავდნენ. ეს ხალხი უკან დაბრუნდა. ამაზე მეტი საშინელება არ შეიძლება მოხდეს. შეიძლება ბევრი საშინელება ხდებოდა, მაგრამ სადისტი სისხლისმსმელი ბედუკაძის მიერ გავრცელებული კადრები რომ დადგმული იყო, ყველამ იცის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ხელისუფლება კანონიერ ქურდებს ხელს აფარებს. პრეზიდენტი მთავრობას მოუწოდებს, რეალობას შეხედონ და "კრიმინალები არ გააჯეჯილონ".

"ეს დიდი ტრაგედიაა და, რა თქმა უნდა, გამოსაძიებელია. იქამდე, გეგუთის ციხის უფროსის დავალებით ქურდებმა პატიმარი მოკლეს და თქვეს, რომ თვითონ გადმოვარდა. ამ შემთხვევაში კი თქვეს, რომ თავი მოიკლა. ეს ძალიან საეჭვოა. ფაქტია, რომ ჩვენ დროს ქურდები ალაგებდნენ საკანს და ერთმანეთს ურჩევდნენ საქმეს, ახლა კი ციხეებს ხელმძღვანელობენ. მინისტრი აქ არაფერ შუაშია. მთავრობამ ხელი არ უნდა დააფაროს ამ ყველაფერს. მინისტრი ვინ არის, საერთოდ არის თუ არა ქმედუნარიანი, რამეზე პასუხი აგოს, ეს კაცი გინახავთ ტელევიზორში? როგორ შეიძლება ამ კაცზე სერიოზული საუბარი. მივმართავ პრემიერ ივანიშვილს, რადგან ეს ხდება მისი მთავრობის დროს. როდესაც ჩემი მთავრობის დროს ჩემდა უნებურად, ჩემგან დაუკითხავად ეს ხდებოდა, მე ავიღე პასუხისმგებლობა და, საბოლოო ჯამში, ამომრჩეველმაც დაგვაკისრა ამაზე პასუხისმგებლობა. მზად ვარ, მთავრობასთან ერთად კიდევ ერთხელ ავიღო პასუხისმგებლობა, რომ ციხეებში ქურდები აღარ დავაბრუნოთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები