არასრულწლოვანი პატიმრის გარდაცვალება

სუბარი: გოგა ძველაიას საქმის გამჭვირვალობისთვის გავდივართ კანონის ზღვარზე

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილი პატიმრის გოგა ძველაიას ოჯახი ვიდეოჩანაწერებს სამშაბათს გაეცნობა. როგორც სუბარმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძველაიას ოჯახი ადვოკატთან და ექსპერტთან ერთად, თბილისში დღეს უნდა ჩამოსულიყო ჩანაწერების სანახავად, თუმცა 29 ოქტომბრისთვის გადადეს.

"მათი თხოვნა იყო რომ ჩაგვერთო სახალხო დამცველი ან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ჩვენ ამაზეც თანხმობა ვუთხარით. თუმცა, კანონს ეწინააღმდეგება მათი ეს მოთხოვნაც და ჩვენი თანხმობაც. ჩვენ თანახმანი ვართ, რადგან გვინდა, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალედ და მაქსიმალური ნდობა იყოს როგორც საზოგადოებისგან, ისე ოჯახისგან", - განაცხადა სუბარმა და აღნიშნა, რომ ძველაიას ოჯახს გამოძიების მიმართ უნდობლობა არ გამოუხატავს.

"პირიქით, ოთხი კითხვა ჰქონდა ექსპერტს და მათგან ყველაზე მიიღო პასუხი. სამ კითხვაზე პასუხი ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიიღო, ერთი კი დალუქული მტკიცებულების გახსნის შემდეგ, რისი თანხმობაც მივეცით. არსებობს კიდევ ხუთი სხვადასხვა კამერის ჩანაწერი. ამაზეც სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ ვანახოთ, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ძალიან გამჭვირვალე გამოძიება და მის მიმართ სრული ნდობა არსებობდეს საზოგადოების და ოჯახის მხრიდან. მაქსიმალურს ვაკეთებთ და გავდივართ კანონის ზღვარზე. მტკიცებულებების გახსნა და ჩვენება არასდროს მომხდარა მგონი საქართველოში, მაგრამ ახლა ხდება, ისევ და ისევ, იმ სურვილიდან გამომდინარე, რომ ეს გამოძიება გამჭვირვალე იყოს", - ამბობს სუბარი.

ცნობისთვის, 16 წლის გოგა ძველაია ქუთაისის #2 დაწესებულებაში გარდაცვლილი იპოვეს. ის საპყრობილეში ერთი დღის მიყვანილი იყო. გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვანმა, რომელსაც გირაო ჰქონდა შეფარდებული, თავი მოიკლა. გარდაცვლილის ადვოკატი სუიციდს გამორიცხავს. ძველაიას მამა კი საპყრობილეში გადაღებული კადრების გადაცემის მოთხოვნით, შიმშილობის დაწყებას აპირებდა. მისი თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტრო კადრების ნახვას სთავაზობს, თუმცა გარდაცვლილის მამა კადრების გადაცემას ითხოვს, რათა დამოუკიდებელ ექსპერტს შეამოწმებინოს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, არსებობს გამოკითხვის ოქმი, სადაც დაფიქსირებულია, რომ პირველი პატიმრობისას გოგა ძველაიას თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება ჰქონდა. მისი თქმით, თუ სასჯელაღსრულების სამინისტროს ეს ინფორმაცია ჰქონდა, უფრო წინდახედულად უნდა ემოქმედა. სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის მიხეილ დევდარიანის განმატებით კი, სამინისტროში არ არსებობს დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ 16 წლის გოგა ძველაიას თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება ჰქონდა.

კომენტარები