უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

კუბლაშვილი: მოსამართლის გადაწყვეტილების შემოწმება საბჭოს კომპეტენცია არ არის

ტაბულა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ომბუდსმენის განცხადებას ეხმაურება, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ოთხი მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინარული სამართალწარმოების წინადადებით მიმართავს.

კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ამოწმებს, თუ რამდენად კანონიერად მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება. მისივე თქმით, ეს მოსამართლის იურისდიქციაში პრიდაპირი ჩარევა იქნებოდა.

"მე წავიკითხე ომბუდსმენის ეს განცხადება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი ასეთი სახის წერილი, იქნება ეს სახალხო დამცველის თუ სხვისი მხრიდან, რომ იქ რომელიღაც საქმეში რაღაც არასწორად მოხდა და დავიწყოთ დევნა, იქნება დაუსაბუთებელი. ჩვენ ყველას ვუთხარით და ყველამ უნდა იცოდეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ამოწმებს, ვერ ამოწმებს და ვერასდროს ვერ შეამოწმებს რამდენად კანონიერად მიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება, ეს არ არის მისი კომპეტენცია", - აცხადებს კოტე კუბლაშვილი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ზემდგომი მოსამართლეების საქმეა და თუ ესეც არ აკმაყოფილებს მომჩივანს, მან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უნდა მიმართოს.

ხსენებული განცხადება სახალხო დამცველის ოფისმა 13 ივნისს გაავრცელა. ომბუდსმენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ვალერი ცერცვაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ინგა კვაჭანტირაძის, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეების ჯუმბერ რუსიაშვილის, ირაკლი შენგელიას და ივანე ღლონტის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების და კანონშესაბამისი რეაგირების წინადადებით მიმართავს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა საქართველოს კანონმდებლობა დაარღვიეს და მოსამართლის მოვალეობა ჯეროვნად არ შეასრულეს. საქმე ეხება სააქციო საზოგადოება ელიტ ელექტრონიქსში 2007 წელს ჩატარებულ საგადასახადო შემოწმებას. სახალხო დამცველმა წინადადება და ამ საქმესთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული მასალები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ვალერი ცერცვაძეს უკვე გადაუგზავნა.

 

კომენტარები