უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

NGO-ები პრეზიდენტს მოუწოდებენ, დაასახელოს უზენაესის თავმჯდომარეობის კანდიდატი

supremecourt.ge

კოალიცია "სამართლიანი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის" პრეზიდენტს მოუწოდებს, შეცვალოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება. 

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დასახელებაზე უარი 24 აგვისტოს თქვა, ერთ-ერთ მიზეზად კი კონსულტაციებში ქართული ოცნების არმონაწილეობა და შესაბამისად, კონსენსუსის არარსებობა დაასახელა. ასევე, პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებს კანდიდატის დასახელება შეთავაზა, რომელსაც ის პარლამენტში წარადგენდა. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ამაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან, პრეზიდენტს თავიანთი მოსაზრება წარუდგინონ ამა თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით, თუმცა, კანდიდატის წარდგენაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს. 

ამის შემდეგ მარგველაშვილმა თქვა, რომ კონსენსუსი ვერ შედგა და ამიტომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს საერთოდ არ დაასახელებს. 

კოალიცია მკვეთრად უარყოფითად აფასებს გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, უარი თქვას თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების შესრულებაზე და მის ნაცვლად, პასუხისმგებლობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს დააკისროს.

"სამწუხაროდ, პრეზიდენტის მიერ ამ დრომდე არ იქნა უზრუნველყოფილი ფორმატი, რომელიც განსაზღვრავდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ფორმებს კანდიდატის შერჩევის პროცესში, რის გარეშეც პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს საფუძვლიანად.

მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგინების უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, რომელიც ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე შევა ძალაში, კანდიდატის წარდგინების უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია გახდება.

ამასთანავე, ახალი წესით წარდგენილი და არჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმავდროულად აღარ იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ხელში ძალთა კონცენტრაციისა და სისტემის კიდევ უფრო ჩაკეტილობის რისკებს.

მოუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, დროულად და ეფექტიანად განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება და უზრუნველყოს ისეთი კანდიდატის დასახელება, რომელსაც ფართო საზოგადოების მხარდაჭერა ექნება. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებში და მხარი დაუჭიროს წარდგინების პროცესს.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უახლოეს სესიაზე უზრუნველყოს წარდგენილი კანდიდატის განხილვა და მისი არჩევა", - ნათქვამია არასამთავრობოთა კოალიციის განცხადებაში. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნინო გვენეტაძე 2 აგვისტოს თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის აუცილებლობა დაასახელა. 

მას შემდეგ პრეზიდენტი ამ პოსტზე კანდიდატურის შერჩევისთვის სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს აწარმოებდა.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით ირჩევს. ახალი კონსტიტუციით კი, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ შევა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი არა პრეზიდენტის, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით აირჩევს. 

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის არ-დასახელების გადაწყვეტილებას არ შეცვლის, პოსტი ვაკანტური ახალი პრეზიდენტის არჩევამდე და საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე იქნება. 

კომენტარები