უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

პრეზიდენტი: გვენეტაძის გადადგომა არ უნდა მიიჩქმალოს

პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად ორშაბათიდან, 6 აგვისტოდან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან კონსულტაციებს იწყებს. 

მარგველაშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემაში უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ პოსტის დატოვება თავისთავად მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ საკითხი განსაკუთრებით რთულდება, თუ თვალს მივადევნებთ იმ მოვლენებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა.

„არაერთი მოსამართლე, ან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ხაზს უსვამდა იმ მძიმე ვითარებას, რომელიც სასამართლო სისტემაშია. 

იგივე საკითხზე ჩვენ ყოველდღიურად გვესმის კრიტიკა და შეშფოთება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და მეგობრებისგან. მაგრამ  ყველაზე ნიშანდობლივი არის ნინოს განცხადება, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. მე მინდა, რომ ეს გადადგომაც არ იყოს ისე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში“, - თქვა პრეზიდენტმა.

"დღეს ქალბატონი ნინოს გადადგომით გაშიშვლდა ის მრავალი პრობლემა, რომელზეც არაერთხელ არაერთი ჩვენი მეგობარი, ჩვენი პარტნიორი, ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტული იურისტი და ამ დარგის სპეციალისტი აღნიშნავდა: სასამართლო სისტემა უნდა გაჯანსაღდეს," - აღნიშნა ასევე პრეზიდენტმა.

ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დღეს, 2 აგვისტოს, დატოვა. მან გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. გვენეტაძე პოსტს 2015 წლის 20 მარტიდან იკავებდა.

გადადგომას გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. მათი შეფასებით, საქართველოს სასამართლო სისტემაში სავალალო მდგომარეობაა, ამის ფონზე კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მოულოდნელად თანამდებობის დატოვება საზოგადოებაში არაერთ კითხვას აჩენს.

კომენტარები