უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

მარგველაშვილი უზენაესის თავმჯდომარეზე: გაუგებარია, რატომ ჩააგდეს პროცესი NGO-ებმა

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ ჩააგდეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი და მისი შეთავაზების მიუხედავად არ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია.

პრეზიდენტმა ამით, NGO-ების დღევანდელ განცხადებას უპასუხა - კოალიციამ "გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მას მოუწოდა, შეასრულოს თავისი მოვალეობა და დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.

მარგველაშვილის თქმით, მან "ქართულ იურიდიულ საზოგადოებას შესთავაზა, გამოევლინათ საუკეთესო კანდიდატი, თუმცა ეს მათ არ გააკეთეს".

"როგორც იცით კონსტიტუცია იცვლება სულ რამდენიმე დღეში და არც მე, არც მომავალ პრეზიდენტს არ ექნება შესაძლებლობა, რომ დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ეს არის ერთი მომენტი. მეორე მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ სამი მოსამართლეობის კანდიდატი მყავს წარდგენილი პარლამენტში უკვე წელიწადზე მეტია და პარლამენტს კენჭი არ უყრია. მესამე მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ღიად გამოაცხადა, რომ ამაზე ჩემთან კონსულტაციებს არ ჩაატარებს, რაც ნიშნავს, იმას რომ ჩემი კანდიდატი მათთვის მიუღებელია.

ეს ვისაც წინა სერიები არ უნახავს. ასე არის მოკლე შინაარსი წინა ორასი სერიის.

რა ხდება დღეს: ამ ცაიტნოტში და იმის გააზრებით, რომ სასამართლო პრობლემური და სარეფორმო სფეროა, მე შევთავაზე ქართულ იურიდიულ საზოგადოებას გამოევლინათ საუკეთესო კანდიდატი და ვთქვი, რომ მე მხარს დავუჭერ მათ კანდიდატს.

ეს ღიად ვუთხარი იმ ადამიანებს, ვინც ძალიან ხშირად ტელევიზიით აკრიტიკებს სასამართლო სისტემას, გულისტკივილით საუბრობს სირთულეებზე, ვინც სხვადასხვა კომისიებში მიიწვიეს მონაწილეობის მისაღებად და ყურადღებას თუ არ მიაქცვენ, ძალიან აღშფოთებულები არიან, რომ მათი აზრი არ გაითვალისწინეს.

გასაოცარი არის ის, რომ ამ თავყრილობაში ბატონი ავთო დემეტრაშვილი და ჯონი ხეცურიანი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც თქვეს, რომ პრეზიდენტმა გვთხოვა თათბირი, პოზიციის დაფიქსირება და რა თქმა უნდა, ვეტყვით ვინ მიგვაჩნია საუკეთესოდ და მოდით ეს სამსახური გავუწიოთ პრეზიდენტს, ჩვენ ქვეყანას და ჩვენი იუსტიციის სისტემას რეფორმისათვის.

დანარჩენმა ყველამ მითხრა, რომ მათ ამ პროცესში ამ ფორმით მონაწილეობა არ სურდათ, ჩემს ამ შეთავაზებაზე უარი მივიღე, რაც სრულიად გაუგებარია ჩემთვის და ახსნას ვერ ვუძებნი.

დღეს რომ ვინმე დავასახელო, ასეთი მხარდაჭერის გარეშე, თუ მას არ ექნება საზოგადოების მხარდაჭერა, როდესაც ღიად არის ნათქვამი, რომ ჩემს კანდიდატს არ განიხილავს საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე მმართველი პარტია, რომელმაც არც განიხილა ჩემი წარდგენილი სხვა კანდიდატები, ეს იქნება დასახელება დასახელებისათვის.

მე მივმართე ქართულ საზოგადოებას - მოდით, ხომ ყველას გვადარდებს სასამართლო, გავერთიანდეთ სამწუხაროდ, ეს გაერთიანება არ მოხდა. კიდევ ერთხელ ასეთი გაერთიანების გარეშე კანდიდატის დასახელებას არანაირი აზრი არ აქვს. არც მესმის რატომ ჩააგდეს ეს პროცესი და მეტიც, არ მესმის რა არის აქ გაუგებარი", - თქვა მარგველაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით მარგველაშვილმა კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან 20 აგვისტოს გამართა, თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა.

პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებს კანდიდატის დასახელება შესთავაზა, რომელსაც ის პარლამენტში წარადგენდა. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ამაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ მზად არიან, პრეზიდენტს ამა თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება წარუდგინონ, თუმცა, კანდიდატის წარდგენაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს.

ამის შემდეგ მარგველაშვილმა თქვა, რომ კონსენსუსი ვერ შედგა და ამიტომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს საერთოდ არ დაასახელებს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნინო გვენეტაძე 2 აგვისტოს თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის აუცილებლობა დაასახელა.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით ირჩევს. ახალი კონსტიტუციით კი, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ შევა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი არა პრეზიდენტის, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით აირჩევს.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის არ-დასახელების გადაწყვეტილებას არ შეცვლის, პოსტი ვაკანტური ახალი პრეზიდენტის არჩევამდე და საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე იქნება.

კომენტარები