საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) აღამსრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა თბილისის სამოქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მისთვის დასმული კითხვები ეხებოდა მის საქმიანობის სფეროს და იმას, აიღო თუ არა ანაზღაურება BBC-სთივს მიცემულ კომენტარში.
გიგაურმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, სუს-ის გამოძიების მიზანია, "გადაფაროს სავარაუდო დანაშაული", რომელიც 2024 წელს ქართველი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების გამოყენება შეიძლება იყოს.
"გამოკითხვა გაგრძელდა დაახლოებით 15-20 წუთი. ვისაუბრე იმაზე თუ ვინ ვარ მე, სად დავიბადე, რა განათლება მაქვს და სად ვმუშაობ. ასევე კითხვები ეხებოდა იმას, რომელიმე ჩემი განათლება უკავშირდება თუ არა სამედიცინო განათლებას, რაც ასე არ არის. ასევე საუბარი იყო იმაზე, ავიღე თუ არა ანაზღაურება კომენტარის მიცემაში, რაც ასევე გაუგებარი კითხვა იყო ჩემთვის, და კიდევ ერთხელ ვისაუბრე, რას ვფიქრობ ქართულ ოცნებაზე, იმ განცხადებებზე, რომელსაც ვაკეთებ ხოლმე ოცნების ქმედებებთან დაკავშირებით.
[...] არ დაუსვამთ შეკითხვები მოწამვლასთან დაკავშირებით. მართალი გითხრათ, არ ვიცი რატომ დამიბარეს, ყველაფერი ის, რაზეც ვისაუბრე გამოკითხვაზე, ვსაუბრობ ხოლმე ამას საჯაროდ, მედიაში. ამ ინტერვიუდან რამე ახალი ვერც მათ გაიგეს და რაში შეიძლება გამოადგეთ ეს ყველაფერი მე არ ვიცი. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის, რომ მე ჩემი პოზიციების დაფიქსირებას გავაგრძელებ როგორც საერთაშორის, ისე ადგილობრივ მედიაში.
რა თქმა უნდა, აქ არაფერს არ გამოვრიცხავ, რადგან ეს არ არის დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანო და დამოუკიდებელი სასამართლო. ამაზე არ არის საუბარი, ვიცით, ყველაფერს ველოდებით მათგან. უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ ამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გადაფარონ სავარაუდო დანაშაული. სავარაუდო დანაშაული არის ის, რომ ქართველი ხალხის და მომიტინგეების წინააღმდეგ იყო გამოყენებული გარკვეული ქიმიური საშუალება, რომელსაც ისინი არ ასახელებენ, არ ამბობენ რა იყო. შეუძლიათ, რომ გამოაქვეყნონ. ჩვენ ვამბობთ, რომ მთელი წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებდა საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია შსს-მ გამოაქვეყნოს ინფორმაცია თუ რა ტიპის ქიმიური საშუალებები გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ". - თქვა გიგაურმა.
BBC-სთვის მიცემული ინტერვიუს გამო, ეკა გიგაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) გამოკითხვაზე 3 დეკემბერს დაიბარეს.
კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში ფიგურირებს, მდინარაძის უწყებაში 2 დეკემბერს დაიბარეს და საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს. მდინარაძის უწყებაში ასევე დაიბარეს მისი ძმა, დავით ჩახუნაშვილი და მამა, გიორგი ჩახუნაშვილი. გარდა ამისა, გამოკითხვაზე დაიბარეს აქციაზე სპეცრაზმის მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი და სხვა პირები, ვინც საგამოძიებო ფილმში BBC-ის ინტერვიუს აძლევენ.
ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
BBC-ის მიხედვით, ისინი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმიდან ინფორმატორებსა და ექიმებს ესაუბრნენ და აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელიც "ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მიანიშნებს, რომელსაც საფრანგეთის არმიამ 'კამიტი' უწოდა."
ამის შემდეგ, სუს-მა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, უწყებამ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 333-ე და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.





