საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, BBC-სთვის მიცემული ინტერვიუს გამო, მათი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) გამოკითხვაზე დაიბარეს.
ორგანიზაციის განცხადებით, გიგაური საქალაქო სასამართლოში მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხება.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს), BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით, გამოკითხვაზე დაიბარა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დირეტორი ეკა გიგაური. მან გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოითხოვა.
ფილმში ეკა გიგაური იმ რეპრესიულ პოლიტიკაზე საუბრობს, რომელსაც ქართული ოცნება ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს. სუს-ის მიერ ფილმში რესპოდენტებად მყოფი ადამიანების, მათ შორის, ეკა გიგაურის გამოკითხვაზე დაბარება აჩენს ძლიერ ეჭვს, რომ მათი მიზანი არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ ზეწოლის გაძიერებაა უფლებადაცვით ორგანიზაციებზე.
ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ გასცეს დამაჯერებელი პასუხი, თუ რა ქიმიური საშუალებების გამოყენებით ხდებოდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მშვიდობიანი აქციების დარბევა, სუს-ი გამოკითხვაზე იბარებს იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საგამოძიებო ორგანოებს 1 წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ ადამიანების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ჩართული პირები გამოეკვეთათ და პასუხისგებაში მიეცათ, თუმცა ამ დრომდე არცერთი პოლიციელი დასჯილი არ არის. ამის პარალელურად, ვხედავთ, რომ პირბადეების, საწვიმრების და სხვა მსგავსი დამცავი საშუალებების შეძენის გამო ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სოლიდარობის ფონდების წარმომადგენლები გამოძიების ქვეშ არიან" - წერს ორგანიზაცია.
კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში ფიგურირებს, მდინარაძის უწყებაში გუშინ დაიბარეს და საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს. მდინარაძის უწყებაში ასევე დაიბარეს მისი ძმა, დავით ჩახუნაშვილი და მამა, გიორგი ჩახუნაშვილი. გარდა ამისა, გამოკითხვაზე დაიბარეს აქციაზე სპეცრაზმის მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი და სხვა პირები, ვინც საგამოძიებო ფილმში BBC-ის ინტერვიუს აძლევენ.
ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
BBC-ის მიხედვით, ისინი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმიდან ინფორმატორებსა და ექიმებს ესაუბრნენ და აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელიც "ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მიანიშნებს, რომელსაც საფრანგეთის არმიამ 'კამიტი' უწოდა."
გუშინ, სუს-მა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, უწყებამ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 333-ე და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.





