"BBC-სგან დიდი იმედი არ გვქონდა, რომ როდესაც ასეთ ფალსიფიკაციას მხარს უჭერ და აქვეყნებ, შემდეგ საკუთარ თავს დააბრალებდნენ რამეს, თუმცა ჩვენ ამიტომაც, მივყვებით ყველა პროცედურას." - ასე უპასუხა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ოცნების სარჩელზე BBC-ის პასუხთან დაკავშირებით ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას.
პაპუაშვილმა ახსნა, თუ რა იქნება შემდეგი პროცედურა და ასევე დასძინა, რომ BBC-სთვის უმჯობესია "აქვე დამორჩილდნენ ჭეშმარიტებას" და აღიარონ, რაც დააშავეს.
"სამკვირიანი ვადაა, რომ მათ პასუხს, კიდევ ერთი ამასაც გასაჩივრება ჰქვია და ისევ bbc-ში, ასეთი აბსურდული წესები აქვს ბრიტანეთს, სასწაულია, აქეთ რეკომენდაციებს გვაძლევენ და შეგვიძლია, მართლაც რეკომენდაცია მივცეთ, როგორ მოაწესრიგონ ის, რომ სიყალბისგან დაიცვან, მათ შორის, საკუთარი მოქალაქეები.
ანუ, ფაქტობრივად ბარიერები აქვთ შექმნილი, რომ ადამიანმა ვერ შეძლოს, ან ხელი ჩაიქნიოს ამ პროცესებზე, შემდეგი ეტაპი არის კვლავ BBC-ის შიდა, ცოტა სხვანაირი შემადგენლობით რეგულაციის ინსტრუმენტის გამოყენება და გასაჩივრება, სადაც უკვე მე რამდენადაც ვხვდები და გავერკვიე ამ სისტემაში, პირველი დონე ეს იყო, თავად რედაქციამ განიხილა და მეორე ეტაპი არის სარედაქციო კოლეგიას დამატებული, ვიღაც გარე პირები, ვინც BBC-ის შიგნით არიან.
(…) რაც უფრო შორს წავლენ, რაც უფრო დიდხანს, ჩვენ არ ვჩქარობთ, რაც უფრო გაძალიანდებიან, მით უფრო დააზიანებენ საკუთარ თავს იმიტომ, რომ წინ არის სხვა პროცედურები, სადაც უფრო მეტად მოუწევთ პასუხისგება, ვიდრე აქამდე იყო, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს ჩათვლით, სადაც მოპასუხე იქნება უკვე ბრიტანეთის სახელმწიფო და სახელმწიფო დამარცხდება ქართულ ოცნებასთან, ასე რომ მათი გადასაწყვეტია, ჯობია აქვე დამორჩილდნენ ჭეშმარიტებას და აღიარონ, რაც დააშავეს, ვიდრე გააჯანჯლონ და უფრო დიდი ზიანი მიიღონ." - თქვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, BBC ფორმულასთან ამბობს, რომ ქართულ ოცნებას ე.წ. კამიტზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებულ სარჩელზე პასუხი უკვე გასცა.
BBC-ის სპიკერის განცხადებით, მხარს უჭერენ დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილ ჟურნალისტიკას.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებმა BBC-ს მიერ მომზადებულ მასალებთან დაკავშირებით, ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ოფიციალური საჩივრით 14 იანვარს მიმართა. ქართული ოცნება ტელეკომპანიას რამდენიმე ნორმის დარღვევას ედავება და მათგან მასალების აღებას და ბოდიშის მოხდას მოითხოვს.





