2025 წლის პირველ დეკემბერს BBC-მ საქართველოში აქციების დარბევასთან დაკავშირებით სტატია და დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა. გამოცემა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
BBC-ის მიხედვით, ისინი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმიდან ინფორმატორებსა და ექიმებს ესაუბრნენ და აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელიც "ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მიანიშნებს, რომელსაც საფრანგეთის არმიამ "კამიტი" უწოდა."
BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე რეჟიმის წარმომადგენლებმა უერთიერთგამომირცხავი განცხადებები გააკეთეს, მაგალითად შსს-ს მიერ "კამიტის" წარსულში ფლობა ყოფილმა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, მოქმედმა კი განაცხადა, რომ უწყებას აღნიშნული ქიმიური ნივთიერება არასდროს უყიდია. გავყვეთ ქრონოლოგიურად:
აღსანიშნავია, რომ სტატიასთან დაკავშირებით პირველ დეკემბერს ივანიშვილის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძესა და უშუალოდ ბრალდებების ადრესატ უწყებას შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებები არ გაუვრცელებიათ.
BBC-ის სტატიას რამდენიმე საათში რეჟიმი პარტიის განცხადებით გამოეხმაურა. ქართულმა ოცნებამ BBC-ის "დიფ სტეიტის" "პროპაგანდისტულ იარაღად ქცეული ეგრეთ წოდებული მედია" უწოდა და "ცრუ მედიის" წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყება დააანონსა.
პარტიის განცხადებას მოჰყვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გამოძიების დაწყებაც. უწყებამ BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 333-ე და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
"დღეის მდგომარეობით, შემდგარ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ ის, რომ ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს და მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესებისხელყოფისაკენ". - დაწერა სუს-მა განცხადებაში.
პირველ დეკემბერს, საღამოს, სამთავრობო პროპაგანდისტურმა მედია იმედმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის კომენტარის ტექსტური ვერსია გამოაქვეყნა. იმედის განცხადებით, აღნიშნული კომენტარი "ქრონიკის ექსკლუზივია".
ვახტანგ გომელაურმა, რომელიც BBC-ის მასალაში ნახსენები აქციების დარბევის დროს შს მინისტრი და შესაბამისად, პასუხისმგებელი პირი იყო, ქრონიკას დაუდასტურა, რომ შსს-ს ნამდვილად ჰქონდა ქიმიური ნივთიერება "კამიტი", თუმცა, მისი თქმით, მას წინა ხელისუფლება იყენებდა, 2012 წლამდე, გომელაური ამბობს, რომ მას შემდეგ, უწყებას აღნიშნული ნივთიერება არ შეუძენია და არც გამოუყენებია.
"ეს ნივთიერებები რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ნაცებმა კატა გამოთხარეს!" - თქვა გომელაურმა, სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზია იმედის ცნობით.
2 დეკემბერს, დილით, ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე პირველი განცხადება გააკეთა. კობახიძე ინფორმაციას "აბსოლუტურ ტყუილს" უწოდებს და წუხს, რომ BBC ხელმძღვანელობს "იგივე სტანდარტებით, როგორითაც Fake ტელევიზიები საქართველოში".
"ჯერ ერთი, პირველ რიგში, ეს ნივთიერებები არის შეძენილი 2009 წელს, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად დასახელებულ ნივთიერებას, ამ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავს ეს კონკრეტული მასალა[...].
ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა, ამაშია საქმე. BBC-იმ იკადრა ტყუილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით. [...] რა ნივთირება იყო გამოყენებული გიპასუხებთ შს მინისტრი. ნივთიერება "კამიტი" საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული, ეს არის სრული სიყალბე". - ამბობს კობახიძე.
გეკა გელაძემ ჟურნალისტებს არ უპასუხა შეკითხვაზე კონკრეტულად რა ნივთიერება იყო გამოყენებული აქციების დაშლისას, თუმცა თქვა, რომ ყველა ნივთიერება, რაც შსს-მ გამოიყენა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და "არის კანონიერად ნაყიდი სხვადასხვა მსხვილი კომპანიებისგან, რომლებიც აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში".
გელაძემ ასევე თქვა, რომ "საქართველოში არასდროს არ შესყიდულა აღნიშნული ნივთიერება, ე.წ "კამიტი", რაც წინააღმდეგობაში მოდის ვახტანგ გომელაურის განცხადებასთან. გელაძემ აღნიშნული ჟურნალისტებს ასე განუმარტა: "ბატონი ვახტანგი, რასაც გულისხმობდა, 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებები შესყიდული, უბრალოდ, გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის "კამიტი".
"მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუსყიდია ე.წ. კამიტი" - ამბობს გელაძე.
BBC-ის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, რეჟიმის წარმომადგენლებმა გამოცემის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენეს, სოცუალურ ქსელსა თუ სიტყვიერ განცხადებებში ოცნების წევრები BBC-ის Fake ამბების გავრცელებაში ადანაშაულებდნენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართულ ოცნებას BBC-ის სანდოობა და მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია მაშინ, როდესაც გამოცემამ თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილზე გამოძიება გამოაქვეყნა.
"კეზერაშვილი თავს დაესხა თავისუფალ მედია BBC-ს" - განაცხადა ირაკლი კობახძიემ 2023 წლის, 18 მაისს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად კობახიძემ 2025 წლის 2 დეკემბერს განაცხადა - "ტყუილი არის ტყუილი, დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, როდესაც BBC კადრულობს ტყუილს ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ფაქტებით მტკიცდება, რომ ეს იყო ტყუილი".
BBC-ის მასალაში ასევე ნახსენებია პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილის კვლევა. გამოცემის ცნობით, ჩახუნაშვილს სურდა, მოეძებნა სხვა დემონსტრანტები, რომლებიც ანალოგურ სიმპტომებს უჩიოდნენ, რისთვისაც მან სოციალური მედია გამოიყენა და დემონსტრანტებს კითხვარის შევსება სთხოვა. შედეგად, მას 350-მდე ადამიანი დაუკავშირდა და მათგან თითქმის ნახევარი ამბობდა, რომ ერთ ან მეტ გვერდით ეფექტს 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში განიცდიდნენ.
ამას გარდა, BBC-ს მიხედვით, პედიატრ ჩახუნაშვილის ანგარიშის მიგნებები თანხვედრაში იყო ადგილობრივი ჟურნალისტების, ექიმებისა და სამოქალაქო უფლებათა ორგანიზაციების დასკვნასთან, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერება იყო გარეული. ხოლო გამოყენებული ნივთიერების იდენტიფიცირების მოთხოვნა ივანიშვილის რეჟიმმა არ დააკმაყოფილა.
2 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინე ჩახუნაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.
წყლის ჭავლში შესაძლო ქიმიური ნივთიერების არსებობაზე მოქალაქეები და ექიმები აქციების პარალელურად მუდმივად საუბრობდნენ.
პირველ დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ სოციალურ ქსელში ორგანიზაციის მიერ ივანიშვილის ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მიღებული წერილის ნაწილი გაასაჯაროვა.
"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისროს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, აქციების დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა არ მმომხდარა, საჭიროების არარსებობის გამო"- წერდა სამინისტრო საია-ს თებერვალში.
აქციების დარბევასთან დაკავშირებით საია-ს ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.





