BBC-ს გამოძიება კამიტის გამოყენებაზე

ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, ქართული ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივრის შესატანად ემზადება. მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც კვლავ BBC-ის მიმართავენ, თუმცა განხილვა არა ჟურნალისტების ან სარედაქციო გუნდის, არამედ უფრო მაღალ დონეზე მოხდება. 

ივანიშვილის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ისინი გაივლიან ყველა ინსტანციას და თუ საჭირო იქნება მივლენ სტრასბურგამდეც.

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არის კოშმარი. განიხილეს ჩვენი საჩივარი და თქვეს, არა, ჩვენ ვართ მართლებიო, ეს სრულიად აბსურდია. იმ ჟურნალისტებმა, ვინც ეს ტყუილი გამოიგონა, განიხილეს ჩვენი საკითხი და გვითხრეს უარი...

შევიტანეთ ახალი საჩივარი. ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შემდეგი ინსტანცია გახლავთ იმ ხალხის სარედაქციო ჯგუფი, რომელმაც დაავალა, ჩაიბარა და გაუშვა ეს სიუჟეტი. ამ რედაქციამ განიხილა და მათაც, ჩვენდა გასაკივირად, თქვეს, არა ჩვენ ვიყავით მართლებიო და უარი შემოვიდა.

ახლა ვართ მესამე ეტაპზე, რომ შევიტანოთ კიდევ ერთი საჩივარი, ისევ BBC-ის უნდა მივმართოთ, ერთი დონით მაღლა ხდება განხილვა, მაგრამ ასევე BBC-ში, რომელმაც ეს სიუჟეტი დაუკვეთა. ანუ გამოდის, რომ ვამზადებთ მესამე საჩივარს, რომელიც შებრუნდება ასევე BBC-ში. ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება, შემდეგ უკვე შემდეგი ეტაპებია... ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, თუ საჭირო გახდა სტრასბურგამდეც მივალთ." - თქვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ქართულმა ოცნებმა BBC-ს მიერ მომზადებულ მასალებთან დაკავშირებით, ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ოფიციალური საჩივრით 14 იანვარს მიმართა. ქართული ოცნება ტელეკომპანიას რამდენიმე ნორმის დარღვევას ედავება და მათგან მასალების აღებას და ბოდიშის მოხდას მოითხოვს.  

2025 წლის პირველ დეკემბერს BBC-მ საქართველოში აქციების დარბევასთან დაკავშირებით სტატია და დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა. გამოცემა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

2025 წლის 6 დეკემებერს სუს-მა განაცხადა, რომ " BBC-ის გამოძიებაში ნახსენები კოდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი ანუ ცრემლსადენი გაზი გამხსნელ ნივთიერება ქლორო ტრიქლორეთილენთან ერთად, რომელიც არ არის აკრძალული და არა ე.წ. კამიტი".

კომენტარები