სუს-ში BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დაიბარეს სპეცრაზმის მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილიც.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თორნიკე რაზმაძე ავრცელებს - "ზვიოც დაიბარეს გამოკითხვაზე BBC-სთან დაკავშირებულ საქმეზე. შეგახსენებთ, რომ ზვიო მხოლოდ თვეების შემდეგ ცნეს დაზარალებულად და მის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დღემდე არცერთი ჯალათი არ არის იდენტიფიცირებული და მითუმეტეს დასჯილი."
დღეს, მდინარაძის უწყებაში ამავე საქმეზე ასევე დაიბარეს ძმები დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები, ექიმი გელა ღუნაშვილი და აქციების მონაწილე თათა ხუნდაძე.
ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
BBC-ის მიხედვით, ისინი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმიდან ინფორმატორებსა და ექიმებს ესაუბრნენ და აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელიც "ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მიანიშნებს, რომელსაც საფრანგეთის არმიამ 'კამიტი' უწოდა."
გუშინ, სუს-მა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, უწყებამ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 333-ე და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 30 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო კადრები, რომელშიც აქციის დარბევის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ზვიად მაისაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება ჩანს. ვიდეოში სპეცრაზმელი აქციის მონაწილეს სახეში წიხლებს ურტყამს, მაისაშვილს დაზარალებულის სტატუსი აქციებიდან 8 თვის შემდეგ მიანიჭეს.





