ვაკის პოლიციის განყოფილებასთან მისული გივი თარგამაძე დააკავეს. თარგამაძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 7-თვიანი პატიმრობა და 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიესაჯა.
"მაშინაც ვნახეთ, რომ თუ გადაწვიტეს, ასრულებენ. მე, [როცა მანქანაში აფეთქება სცადეს], მაინც გადავრჩი და კიდევ გადავრჩები. უნდოდათ აფეთქება, ამაფეთქეს. მაგის შიშით რაღაცების გაკეთება, არ გამოვა" - ამბობს გივი თარგამაძე განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
თარგამაძე საკუთარი სახლიდან ვაკის პოლიციის შენობასთან თავად მივიდა.
ცნობისთვის, ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" გამოუცხადებლობის გამო, გივი თარგამაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 15 აპრილს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც თარგამაძემ გადაიხადა.
გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა ლელოს ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 23 ივნისს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ამასთან ერთად, აუკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.
ამასთან, ამავე მუხლით, 22 მაისს გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
პარტია ახალის ლიდერი ნიკა მელია 29 მაისის საღამოს, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს. მოგვიანებით, მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მელიას წინააღმდეგ საქმე ასევე აღძრულია წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.
14 მაისს, გირაოს გადაუხდელობის გამო პატიმრობა შეეფარდა ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილსაც.
13 ივნისს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა შეეფარდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას.





