გივი თარგამაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
გათავისუფლების შემდეგ თარგამაძემ მედიასთან ოცნების დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებზე ისაუბრა.
"ცოტა ორიგინალურ გარემოში მომიწია ჯდომა. ჩემს ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის, ანუ ამაფეთქა. სადღაც გვერდზე იჯდა ადამიანი, რომელიც ამ აფეთქების საქმის ბლოკირებას აკეთებდა სუს-დან თავის დროზე. მერე ისინიც შემოგვიერთდნენ - რომეო [მიქაუტაძე] და ჯუ [ჯუანშერ ბურჭულაძე], მერე ლილუ [გრიგოლ ლილუაშვილი] და საბოლოო ჯამში, მეზობელმაც [ირაკლი ღარიბაშვილი] ვერ მოითმინა [...] თებერვლამდე შეეძლო მოცდა, მაგრამ შემომიმეზობლდა აქაც". - უთხრა თარგამაძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, თარგამაძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 7-თვიანი პატიმრობა და 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიესაჯა. ის 2025 წლის 27 ივნისს ვაკის პოლიციის განყოფილებასთან თავად მივიდა.
შეგახსენებთ, 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ ამავე მიზეზით დაკავებულმა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რუსთავის ციხე 23 იანვარს დატოვა.
პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ასევე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააპატიმრეს, ციხე 19 დეკემბერს დატოვა.





