კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ახლა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საპროტესტო აქციებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.
"ჩემი აზრით, რაც ამ პროცესს აკლია და ერთიანობა რის გარშემოც უნდა იყოს არის ის, რომ პროტესტზე პოლიტიკურმა სპექტრმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ.
[...] [მნიშვნელოვანია რეჟიმს] ორგანიზებულ ძლიერ ძალას, რომელიც ამბობს, რომ "რაც არ უნდა რეპრესიებით მაშინო, მე მაინც ერთიანად გებრძვი და გებრძვი ნიშნავს, რომ არ გაღიარებ და ქუჩაში ვარ" - ამას უპირისპირებ თუ უპირისპირებ დაბნეულობას. ჩემი აზრით, პრობლემაა რომ ეს არ მოხდა, მაგრამ რაც უფრო სწრაფად ვიზამთ ამას, მით უფრო შედეგიანი იქნება ჩვენი წინააღმდეგობა.
როცა გეოპოლიტიკური სურათი ლაგდება, ამ სურათს უნდა დახვდეს აქ ალტერნატივა, ჩვენს პარტნიორებს უნდა დახვდეთ რაღაც სახე პოლიტიკური ალტერნატივის, რომელზეც ისინი გააკეთებენ საყრდენს. ამიტომ, პროტესტზე არ ვგულისხმობ, რომ ან ცუდად აკეთებენ სხვები, უბრალოდ, პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რა სახის, რა ფორმის, როგორი, რა სიმწვავის პროტესტი იქნება". - თქვა ხოშტარიამ TV პირველის ეთერში.
ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა ლელოს ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 23 ივნისს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ამასთან ერთად, აუკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.
ამასთან, ამავე მუხლით, 22 მაისს გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
პარტია ახალის ლიდერი ნიკა მელია 29 მაისის საღამოს, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს. მოგვიანებით, მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მელიას წინააღმდეგ საქმე ასევე აღძრულია წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.
14 მაისს, გირაოს გადაუხდელობის გამო პატიმრობა შეეფარდა ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილსაც.
13 ივნისს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა შეეფარდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას.





