გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

ბაჩიაშვილზეც გავრცელდება – გორდულაძე ფინანსური დანაშაულის ახალ კანონპროექტზე

ივანიშვილის წარმომადგენლის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ქართული ოცნების ახალი კანონპროექტი გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება. კანონპროექტის მიხედვით, ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების ჩამდენი პირებიდან მარტივდება, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდებულის, მისი ოჯახის წევრების და ასევე დაკავშირებული პირებისაგან მატერიალური რესურსების ამოღება. 

გარდა ამისა, კანონპროექტით, პროკურორის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს შეეძლება პირს, რომელმაც ფინანსური დანაშაული ჩაიდინა, გარკვეული ვადით შეუზღუდოს ქვეყნის დატოვების უფლება.

აღნიშნული ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შედის.

"ნებისმიერი პირი, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც გიორგი ბაჩიაშვილი, დიახ, გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება წარმოდგენილი ცვლილებები, ამას არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტული ადამიანის სახლი და გვარი რა არის და როგორია. მთავარია, რომ ჩაიდანა თუ არა ამ ადამიანმა დანაშაული და სხვა ადამიანს მიაყენა თუ არა ზიანი. კონკრეტული სახელისა და გვარის ქონა, რა თქმა უნდა, ადამიანს ვერ გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და სხვა ადამიანს ზიანს აუნაზღაურებს, ესაა მარტივი ლოგიკა. 

რაც არ უნდა პოლიტიკურად ანგაჟირებული და ნებისმიერი სხვა ეპითეტი, რასაც კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები და, მათ შორის, გიორგი ბაჩიაშვილის დამცველები მოიფიქრებენ, რა თქმა უნდა, თითიდან გამოწოვილია. მაგრამ დიახ, შეგვიძლია თამამად დავადასტუროთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები, მათ შორის, გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება. იმ ადამიანზე, რომელმაც კონკრეტულ ადამიანს მიაყენა კოლოსალური ზიანი და ახლა აქვს სურვილი, რომ უბრალოდ ჩაჯდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და შემდეგ გამოვიდეს და ეს მიყენებული ზიანის სახით თანხები, რომელიც მან მიითვისა გამოიყენოს თავისი პირადი კეთილდღეობისთვის" - განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ "იმედის" ეთერში.

გორდულაძის განცხადებით, ბაჩიაშვილი "იძულებული იქნება მითვისებული თანხმები აანაზღაუროს". 

გორდულაძის განცხადებით, კანონპროექტი ასევე შეეხება მშენებლობით დაზარალებულ ადამიანებს. 

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ამისთვის "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა. მისი დახმარებისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა.

ამის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუფარდეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. 10 მარტს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გარდა ამისა, პირველ მაისს, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა. 

27 მაისს გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა

"2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი." - წერდა სუს.

ბაჩიაშვილის განცხადებით, ის 24 მაისს, საზღვარგარეთიდან გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს, შემდეგ კი, მისივე განცხადებით, ჯორჯიან ეარვეისის თვითმფრინავში ჩასვეს და საქართველოში ჩამოიყვანეს.

კომენტარები