აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ოფისის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი მოულოდნელი ავადმყოფობა გახდა.
გრემი სენატში სამხრეთ კაროლინას შტატის წარმომადგენლის როლში 2003 წლიდან მუშაობდა.
სენატორი ლინდსი გრემი აქტიურად იყო ჩართული საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების განვითარებაში:
2006 წლის 26 აგვისტოს გრემი საქართველოში ამერიკელ სენატორთა დელეგაციის შემადგენლობაში პირელად ჩამოვიდა. დელეგაციის წევრი იყო სენატორი ჯონ მაკკეინიც. სენატორებმა მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად რეგიონებში იმოგზაურეს, მოინახულეს სენაკის სამხედრო ბაზაც.
2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის შემდეგ გრემი, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში, სენატორ ჯო ლიბერმანთან ერთად თბილისში ჩამოვიდა. "მე მჯერა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის შეკავება აშშ-ს ინტერესია" - თქვა მან ვიზიტისას.
ვიზიტის შემდეგ გრემმა და ლიბერმანმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს The Wall Street Journal-ში სათაურით "რუსეთის აგრესია მსოფლიო წესრიგისადმი გამოწვევაა". ავტორები წერდნენ, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოში ევროპის პოლიტიკური წესრიგისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევა იყო და რომ საქმე "უბრალოდ ტერიტორიულ დავას" არ ეხებოდა, არამედ მთავარი საკითხი ის იყო, შეძლებდნენ თუ არა ერები საკუთარი ბედის დამოუკიდებლად განსაზღვრას.
სტატიაში ისინი ითხოვდნენ: აშშ-სა და ევროკავშირის ერთობლივ დაფინანსებას საქართველოს ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციისთვის; საქართველოს სამხედრო ძალებისთვის საჰაერო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემას, რომლებიც ახალ რუსულ აგრესიის რისკს შეაკავებდა.
2010 წელს, ომის მეორე წლისთავზე, გრემი და დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი Atlantic Council-ს მიერ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დაფუძნებული ორპარტიული სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები გახდნენ.
2011 წელს შაჰინმა და გრემმა სენატში საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც რუსეთს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან საოკუპაციო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებდა. სენატმა რეზოლუცია ერთხმად მიიღო.
გრემი ჯონ მაკკეინთან და ჯო ლიბერმანთან ერთად ორდღიანი ვიზიტით საქართველოში 2012 წლის სექტემბერშიც ჩამოვიდა. აშშ-ს საელჩოს ცნობით, სენატორები შეხვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, მთავრობის წევრებსა და ოპოზიციის ლიდერებს.
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მაკკეინმა, ლიბერმანმა და გრემმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც გამარჯვებულ მხარეს - ქართულ ოცნებას - კანონის უზენაესობის პატივისცემისკენ და ოპოზიციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული მართმსაჯულების არ გამოყენებისკენ მოუწოდებდნენ .
6 დეკემბერს გრემი შეუერთდა სენატორების - ჯინ შაჰინის, ჯო ლიბერმანის, ჯიმ რიშისა და ჯონ მაკკეინის - წერილს, რომელიც საქართველოს ახალ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეძღვნებოდა. სენატორები წერდნენ, რომ შეშფოთებულნი იყვნენ ოპოზიციასთან დაკავშირებული პოლიტიკური ფიგურების დაკავებებისა და პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების შესახებ ინფორმაციით, და მოუწოდებდნენ მთავრობას, თავიდან აეცილებინა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულების თუნდაც შთაბეჭდილება.
2017 წლის 1 იანვარს გრემი საქართველოში ჯონ მაკკეინთან და დემოკრატ სენატორ ემი კლობუშართან ერთად ჩამოვიდა. სენატორები ეწვივნენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს, ხოლო 2 იანვარს - კრწანისში NATO-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ და შეფასების ცენტრს. ისინი შეხვდნენ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ოპოზიციის ლიდერებს. თბილისში ჩამოსვლისას გრემმა განაცხადა, რომ საჭირო იყო ახალი სანქციები პირადად პუტინის, ასევე რუსეთის ენერგეტიკული და საბანკო სექტორის მიმართ.
2018 წლის მაისში, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტისას, გრემი მას შეხვდა. სენატორმა განაცხადა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რუსეთის სამეზობლოში, რომელიც მკაფიოდ დასავლურ პოლიტიკას ატარებს და აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ს სენატის მხარდაჭერით სარგებლობს. 2019 წელს გრემმა შეხვედრა გამართა ვაშინგტონში ჩასულ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესაც.
2024 წლის 26 აპრილს, გრემი შეუერთდა 14 სენატორის ორპარტიულ წერილს, რომლებშიც სენატორები პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ. სენატორები აფრთხილებდნენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ისინი იძულებული იქნებოდნენ, აშშ-ს პოლიტიკის ცვლილებისკენ მოეწოდებინათ. მაისში, კანონის მიღების შემდეგ, გრემი შეუერთდა სენატორთა ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ეს დღე ქართული დემოკრატიის "ბნელ დღედ" იყო შეფასებული.
იმავე თვეში გრემი თანაავტორი გახდა ქართველი ხალხის აქტისა (Georgian People's Act), რომელიც შაჰინმა და რიშმა წარადგინეს. ორპარტიული კანონპროექტი ითვალისწინებდა სავიზო შეზღუდვებსა და სანქციებს იმ ქართველი ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც კორუფციაში, ადამიანის უფლებების დარღვევასა და ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების ხელშეწყობაში იყვნენ პასუხისმგებელნი. გრემის თქმით, ეს ქართული დემოკრატიის მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტი იყო.
2024 წლის დეკემბეტში, ქართული ოცნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების და შემდგომ საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის ფონზე, გრემმა - ჯინ შაჰინთან, ჯიმ რიშთან და სხვა სენატორებთან ერთად - სატელეფონო საუბარი გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ერთობლივ განცხადებაში სენატორებმა ზურაბიშვილის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი დარბევების გამო შეშფოთება გამოთქვეს.




