რუსეთი-საქართველო

რუსი დეპუტატი: აშშ-მ სააკაშვილი გააცურა, ზელენსკის უარესი ბედი ელის

რუსეთის დუმის დეპუტატი ალექსეი ჩეპა
Meduza.io

მიხეილ სააკაშვილის განაჩენს გამოეხმაურა რუსი დეპუტატი, რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ჩეპა:

"სააკაშვილმა დიდი ფული მიიღო ამერიკისგან, შემდეგ კი ეს ფული აღარ უნახავს. ის ჯერ უკრაინაში გაგზავნეს სამსახურის დასასრულებლად, შემდეგ კი (ციხეში) ამოალპეს. რასაც ქვია გააცურეს. ზელენსკის კი სააკაშვილზე გაცილებით უარესი ბედი ელის".

სააკაშვილის განაჩენს ასევე გამოეხმაურა ვლადიმირ ჟირინოვსკის პარტიის ამჟამინდელი ლიდერი, რუსეთის დუმის დეპუტატი ლეონიდ სლუცკი:

"ეს იქნება გაკვეთილი ყველასთვის, ვინც 30 ვერცხლად მზად არის რუსოფობიით, სახელმწიფო სუვერენიტეტით და დამოუკიდებლობით ივაჭროს. პირველ რიგში ეს ეხება უკრაინულ ხუნტას ზელენსკის ხელმძღვანელობით".


12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას სასამართლო სხდომა გაიმართა და მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა.

კოჭლამაზაშვილმა სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 3 წლის ვადით ჩამოართვა სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება.

ხოლო ჯანაშიას 300 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და მასაც 3 წლის ვადით ჩამოართვა სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება.

ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროკურატურა მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავებოდა.

პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი.

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2009 წლის მარტში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მასაჟისტი დოროთი შტეინი ე.წ. დოქტორ დოტი მოიწვია, ხოლო მისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურება პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან განხორციელდა.

ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ "სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს" ხარჯები საჯარო იყო, საჭირო გახდა წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავენების თავიდან აცილება. ამ მიზნით მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მატერიალური უზრუნველყოფის მოსაპოვებლად შექმნა კორუფციული სქემა და სახელმწიფო საიდუმლოებად აქცია მისი მატერიალური სურვილების დასაკმაყოფილებლად შექმნილი დანაშაულებრივი სისტემა.

კერძოდ, სამართლებრივი საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, 2009-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა გრიფით "საიდუმლო" განკარგულებები და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ კანონიერად ვერ მოხერხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის

წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 2009-2012 წლებში დაიხარჯა 20 მილიონ ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობის ჩართულობით, 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. მათ შორის: კოსმეტიკური პროცედურებისთვის - 700 000 ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავაზე ქ.ინსბურკში გამაჯანსაღებელ ცენტრში გასახდომი პროცედურებისთვის ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 114 682 ლარი; მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ბათუმში მოგზაურობებში, ასევე, მისთვის საჩუქრების შესაძენად გადახდილია 10 673 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი; სარა ვარონესა და მონიკა პუგლიას სამკაულებით დასასაჩუქრებლად გადახდილია 10 670 ლარი; თინა ბოკუჩავასთვის "IPhone"-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 1600 ლარი; სოფო ნიჟარაძისთვის ანაზღაურებულია სასტუმრო მომსახურებისა და სამგზავრო ბილეთების ხარჯები 5430 ლარი; კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი; ვერა ქობალიას მშობლების, ასევე მისი დის - ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 38 247 ლარი; ლონდონში მკერდითმხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის - სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისთვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის, მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისთვის და ესპანეთში მგზავრობისთვის გახარჯულია - 191 643 ლარი; მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი; ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქარაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვების და ავიაბილეთების ხარჯებში გადახდილია 127 858 ლარი; მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების - გიული ალასანიას, თეიმურაზ ალასანიას, ნიკა ალასანიას და გიორგი ალასანიას მოგზაურობებზე დახარჯულია 25 117 ლარი; მიხეილ სააკაშვილის შვილების სწავლის დასაფინანსებლად გადახდილია 64 929 ლარი; შვილისთვის - ედუარდ სააკაშვილისთვის „IPhone“-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 2350 ლარი; მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასთვის ავსტრიაში ,,პორშეს“, ,,მერსედესისა“ და ,,აუდის“ მარკების ავტომანქანების დაქირავებისთვის გადახდილია 58 876 ლარი; იტალიაში, ქ. ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისთვის გადახდილია 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისთვის ველოსიპედების დაქირავებისთვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25 237 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად - 7 994 ლარი; აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში 53 283 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის კოსმეტიკური პროცედურებისათვის ჯამურად გადახდილია 721 827 ლარი.

სასტუმროს მომსახურებისთვის გახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 000 000 ლარზე მეტი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 1 მილიონ ლარამდე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე - 1 400 000-ზე მეტი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურეობაზე - 2 მილიონ ლარზე მეტი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის - 300 000 ლარამდე, ტანსაცმლის შესაძენად - 100 000 ლარზე მეტი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად - 250 000 ლარამდე და სხვა". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

10 მარტს გამართულ სხდომაზე სააკაშვილმა, რომელიც სასამართლო პროცესს კლინიკა ვივამედიდან  დისტანციურად ერთვებოდა, საკუთარ დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ პრეზიდენტობის დროს, მისი ხელფასი 3000-დან 4000 ლარამდე იყო და ამ ფულით დონალდ ტრამპსა და ჰილარი კლინტონს ვერ გაუმასპინძლდებოდა.

2024 წლის 2 მარტს სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მიხეილ ჯინჯოლიამ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ 2018 წლის 5 იანვარს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ეს პირველი განაჩენი იყო, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოს სასამართლოებში გამოცხადდა.

სასამართლომ სააკაშვილი ასევე დამნაშავედ ცნო ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით და იარაღის გამოყენებით და 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას მოიცავს. ყოფილ პრეზიდენტს ამ საქმეზე 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

2021 წლის 1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს.

კომენტარები