მიხეილ სააკაშვილი

"ვვარაუდობთ, რომ მიიმალება" – სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მიხეილ ჯინჯოლიამ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის თქმით, "აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში".

"სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს აღნიშნულ დანაშაულს.

[...] ხოლო 198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმისთვის, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილი იქნას განაჩენის აღსრულება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის საშიშროების სპეციფიკის გათვალისწინებით, არსებობს შესაბამისი საფრთხეები, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვა თავიდან დაიწყო და დასაკითხი არიან მოწმეები, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურების, ასევე, გარკვეულწილად ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. შესაბამისად, შუამდგომლობა საფუძვლიანია.

[...] სასამართლომ ადგილზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს". - თქვა ჯინჯოლიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს, 2 აგვისტოს გაიმართა.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ 2018 წლის 5 იანვარს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ეს პირველი განაჩენი იყო, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოს სასამართლოებში გამოცხადდა.

სასამართლომ სააკაშვილი ასევე დამნაშავედ ცნო ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით და იარაღის გამოყენებით და 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას მოიცავს. ყოფილ პრეზიდენტს ამ საქმეზე 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

2021 წლის 1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს.

    კომენტარები