2008 წლის ომი

რისთვის იხდის ივანიშვილი ბოდიშს – ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია აგვისტოს ომზე

2008 წლის ომი

რისთვის იხდის ივანიშვილი ბოდიშს – ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია აგვისტოს ომზე

14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი სიტყვები თქვა: "დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი". ეს წინადადება, განცალკევებულად რომ ავიღოთ, ნაწილობრივ ჭეშმარიტებაა. 2008 წლის ომი, პირველ რიგში, რუსეთის სურვილი იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ივანიშვილი ამას არ გულისხმობდა. ქართული ოცნების დამაარსებელმა საკუთარი პარტიის მიერ წლების განმავლობაში გავრცელებული ნარატივი, თითქოს 2008 წლის ომში დამნაშავე საქართველოა, ახალ საფეხურზე გადაიყვანა. ივანიშვილის აზრით, ქართველებმა ოსებს ბოდიში უნდა მოუხადონ.

"26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები." - თქვა ივანიშვილმა.

საქართველოს გაერთიანებაზე საუბარი ოცნების საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი გახდა, თუმცა, მთელ ამ ფუჭ რიტორიკას მხოლოდ ვითარების გაუარესება შეუძლია. როგორც უკვე კარგად გამოჩნდა, ამ ნარატივის ავტორების აზრით საქართველოს ვიღაცასთან ბოდიში აქვს მოსახდელი, რადგან 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა. მსგავსი სიტყვები საზიანოა როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. გარდა იმისა, რომ მთელი რიტორიკა ბოდიშის შესახებ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ივანიშვილის სიტყვები ოკუპანტებსა და მათ მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს ახალი ნარატივის შექმნის საშუალებას აძლევს - თითქოს საქართველომ თავადვე აღიარა, რომ 2008 წლის ომში დამნაშავე თბილისის მთავრობა იყო.

ეს სიტყვები, თავის მხრივ, გაგრძელება იყო იმ ტყუილი დაპირების, თითქოს 2030 წელს ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობის ქვეშ საქართველო “აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად” “ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი” გახდება. ეს პირობა პირველად ირაკლი კობახიძემ 26 მაისს ახსენა. როგორც მაშინ, ისე ბოლო კვირებშიც, რუსეთის პოზიცია ოცნების პროპაგანდას კეთილგანწყობით სულაც არ პასუხობს. თუ 27 მაისს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა კობახიძის სიტყვებს "ეშმაკის ნაკარნახები" უწოდა, ახლა რუსი პოლიტიკოსები კვლავ იმეორებენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას არ აპირებენ და მარიონეტულ რეჟიმებს სახელმწიფოებად მოიხსენიებენ.

რუსი სამხედროების კოლონა, 2008 წლის აგვისტო - 
Louisa Gouliamaki/Agence France-Presse/Getty Images

28 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მზად არიან “ურთიერთობის ნორმალიზაციას” დაეხმარონ, თუ “ყველა მხრიდან იქნება ინტერესი”. ეს განცხადება კახა კალაძემ პოზიტიურად შეაფასა და ქართული ოცნების პროპაგანდამაც აიტაცა, თუმცა სულაც არ გაუკეთებიათ აქცენტი იმაზე, რომ ლავროვმა ოკუპირებულ ტერიტორიებს ხაზგასმით უწოდა ქვეყნები.

“საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება წარსულს უბრალოდ სამართლიანად აფასებს. მათ ასეც თქვეს, რომ ისტორიული შერიგება გვსურსო. ხოლო რა სახით, რა ფორმით მოხდება ეს შერიგება, ეს თავად ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გადასაწყვეტია. ისინი საქართველოს მეზობლები არიან, რაღაც სახის კონტაქტი გარდაუვალია. თუ ყველა მხრიდან იქნება ინტერესი ამ ურთიერთობების ნორმალიზების, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის... ჩვენ მხარეთა დაინტერესების შემთხვევაში მზად ვიქნებით დასახმარებლად." - თქვა ლავროვმა.

თუმცა, რეალურად, როგორც ადრე, ისე ახლაც მოსკოვის რიტორიკა თბილისის მიმართ იგივეა - "რეგიონში არსებულ რეალობასთან" შეგუებისკენ მოწოდება. ამაზე ლავროვის სიტყვების შემდეგ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა ისაუბრა. მან პირდაპირ თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა არ იგულისხმებოდა და აღნიშნა, რომ საქართველომ "რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს".

კონსტანტინ ზატულინი უბრალო რუსი პოლიტიკოსი არაა. ის რუსეთის იმ პოლიტიკურ კლასს ეკუთვნის, რომლის წარმომადგენლებიც გარკვეულ საკითხებზე საკმაოდ პირდაპირ საუბრობენ და საპასუხოდ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. მაგალითისთვის, 2023 წლის ივნისში მან თქვა უკრაინაში ომის დასახულმა მიზნებმა: დენაციფიკაციამ, დემილიტარიზაციამ, უკრაინის ნეიტრალიტეტმა, დონბასის მოსახლეობის დაცვამ საპირისპირო შედეგი გამოიღო და ზოგიერთმა "აზრიც დაკარგა". აღსანიშნავია, რომ ეს მიზნები თავად ვლადიმირ პუტინის დასახული იყო. რა თქმა უნდა, მას ამ ყველაფერზე საუბრის საშუალება იმიტომ აქვს, რომ საკუთარი აუდიტორია გააჩნია. რუსული პროპაგანდა ხომ მრავალშრიანია და მასში რამდენიმე "რეალობა" არსებობს. თუმცა ზატულინის პირდაპირობაში, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაზე ლაპარაკის დროს, ყოველთვის კარგად ჩანს მოსკოვის რეალური სურვილები და შეხედულებები. ლავროვისგან განსხვავებით, 24 სექტემბერს მან პირდაპირ შეაფასა ქართული ოცნების რიტორიკა ბოდიშის მოხდის შესახებ და თქვა, რომ ეს ყველაფერი შიდა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. ცხადია, რომ მოსკოვში არავინ აპირებს საქართველოსთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე ფიქრს. ეს თავად ბიძინა ივანიშვილისთვისაც ნათელი იქნება, თუმცა, ამის მიუხედავად, ის და მისი გუნდი ფუჭი საარჩევნო დაპირებების გაცემას არ ერიდებიან.

"არჩევნების მოახლოებასთან ერთად მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ახალი მიდგომის წარდგენა გადაწყვიტა. კერძოდ, ბოდიშის მოხდა ოსებისთვის 2008 წელს სააკაშვილის აგრესიის გამო. ამას აკეთებენ არამხოლოდ საერთაშორისო მიზნებით, არამედ ძირითადად, შიდა პოლიტიკური მიზნების გამო." - თქვა ზატულინმა.

რისთვის იხდის ივანიშვილი ბოდიშს?

საკუთარ პროპაგანდაში ივანიშვილი და მის მიერ მართული ქართული ოცნება ცდილობს, რომ მაშინდელი ხელისუფლება და თავად ქვეყანა და ხალხი ერთმანეთისგან გამიჯნოს. თუმცა, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ეს შეუძლებელია. შესაბამისად, ოცნების ნარატივის მიხედვით გამოდის, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ეს უბრალო სიცრუე არაა. ეს ტყუილი ბევრად უფრო საზიანოა. საინტერესოა რას ფიქრობენ ოცნების მხარდამჭერები, რომლებიც ამ იდეას იზიარებენ, განსაკუთრებით იმ სიტყვების შემდეგ, თითქოს ქართველებს ბოდიში გვაქვს მოსახდელი. თუ ამ  ნარატივის მაინც სჯერათ, იმაზე მაინც უნდა დაფიქრდნენ, რომ ამ ტყუილის ჭეშმარიტების შემთხვევაშიც კი, ივანიშვილის სიტყვები ბოდიშის შესახებ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მაინც საზიანო იქნება. 

რუსულმა პროპაგანდამ ოცნების ნარატივების საკუთარი თავის სასიკეთოდ ოფიციალურ დონეზე გამოყენება უკვე დაიწყო. მაგალითისთვის, 14 აგვისტოს გაეროში რუსეთის საკითხთა ხელმძღვანელი, დმიტრი პოლიანსკი მმართველი პარტიის მიერ ერთი დღის ადრე გავრცელებულ განცხადებას ციტირებდა და 2008 წლის ომს ამართლებდა.

"ყოველ წელს ჩვენ ძალიან გვაოცებს ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკური სურვილი, განიხილონ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სააკაშვილის აგრესიის საკითხი. იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომლებიც დადგენილია და საქართველოს მთავრობის პოზიციის გათვალისწინებით, ეს უფრო და უფრო მეტად ემსგავსება მაზოხისტურ ქმედებას.

მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, მხოლოდ ციტირებას საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებიდან: "ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო... საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე."

უბრალოდ გაიხსენეთ ეს სიტყვები, როცა ჩვენი დასავლელი კოლეგები ამ ტრიბუნასთან დაბრუნდებიან და მოგატყუებენ იმაზე, თუ რა მოხდა მაშინ." – თქვა პოლიანსკიმ.

რატომ არის ტყუილი რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო? თუ ქართული ოცნების წარმომადგენლებსა და მათი ამ პროპაგანდის იდეურ მხარდამჭერებს ფაქტები კარგად არ ახსოვთ, უმჯობესი იქნება იმ მოვლენებს გადახედონ, რაც ცხინვალის რეგიონის გარშემო 2004 წლიდან ხდებოდა. 

ქართულ პოლიტიკურ კონტექსტში ბოლო წლებში სადავო გახდა ფაქტი, რა დღეს დაიწყო აგვისტოს ომი, 7 თუ 8 აგვისტოს. მთელი ეს დებატი ნარატიულ დაპირისპირებაა. თუმცა, რასაც არ უნდა მიიჩნევდნენ ზოგიერთი პოლიტიკური აქტორები, ან თუნდაც სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათი წარმომადგენლების ანგარიშები, სინამდვილეში აშკარაა, რომ ომი 7-8 აგვისტომდე, ფაქტობრივად, უკვე მიმდინარეობდა.

რეალურად, მთელი ეს პროცესი კრემლში კარგად იყო დაგეგმილი. როგორც პუტინმა მომავალში აღიარა, ოპერაციის გეგმის მონახაზი ჯერ კიდევ 2006-2007 წლებში შეიქმნა. მაშინ, შესაბამის წვრთნებში ოსი სეპარატისტების შეიარაღებული ფორმირებებიც მონაწილეობდნენ. ოსური შეიარაღებული ჯგუფების წვრთნა მიმდინარეობდა მაშინ, როცა რუსეთს ოფიციალურად სამშვიდობო ვალდებულებები ჰქონდა აღებული. 

"ეს საიდუმლო არაა, გეგმა არსებობდა და მის ფარგლებში ვმოქმედებდით. გეგმა გენერალური შტაბის მიერ დაახლოებით 2006 წლის ბოლოს ან 2007 წლის დასაწყისში შემუშავდა და ჩემთან იყო დამტკიცებული, შეთანხმებული. მეტიც, ამ გეგმის ფარგლებში ჩატარდა სამხრეთ ოსეთის მოხალისეების მომზადება." – თქვა პუტინმა 2012 წლის აგვისტოში.

ბატალიონი ვოსტოკი საქართველოში, 2008 წელი - Yana Amelina

სავარაუდოდ, ამ არგუმენტის გაგონებაზე ოცნების რიგითი პროპაგანდისტის პასუხი ის იქნება, რომ, რა თქმა უნდა, რუსეთი სამხედრო გეგმას ამზადებდა, თუმცა მაშინდელ მთავრობას “პროვოკაციის არიდება” უნდა შეძლებოდა. მსგავსი მიდგომაც პასუხისმგებლობის არასწორ მხარეს მიმართვა და რუსეთის დანაშაულის საქართველოსთვის დაბრალების ტოლფასი იქნება, რადგან გასათვალისწინებელია ის, თუ ვის აწყობდა და ვის სურდა ომის დაწყება, ვინ აწყობდა პროვოკაციებს და ვინ ქმნიდა დაძაბულობას. 

ოცნების პროპაგანდისტები ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს 2008 წლის აგვისტომდე ცხინვალის გარშემო ყველაფერი კარგად იყო და ომი არსაიდან დაიწყო, თუმცა ეს ცხადი სიცრუეა. ათწლეულების განმავლობაში რუსეთი ამ რეგიონში გავლენებს იზრდიდა. ამისი ნაწილი იყო პასპორტიზაციაც - ადგილობრივებისთვის რუსული პასპორტების გაცემა, რაც შემდეგ ოპერაციის ერთ-ერთ გამამართლებელ არგუმენტად მოიშველიეს, თითქოს საკუთარი მოქალაქეების დაცვა სურდათ. 

რუსეთის მხრიდან პროვოკაციებით სიტუაციის გამწვავების ერთ-ერთი ფაქტორი ის იყო, რომ საქართველოს მაშინდელ მთავრობას მოსკოვის ე.წ. “გავლენის სფეროში” დარჩენა აღარ სურდა და ცხადად დასავლური კურსი აიღო. მას შემდეგ, რაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შესაძლებელი გახდა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, მოსკოვში იგრძნეს საფრთხე, რომ რეგიონში შესაძლოა ერთ-ერთი ბერკეტი დაეკარგათ და პროვოკაციების ტალღაც დაიწყო. რა თქმა უნდა, აჭარის შემთხვევა ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაციისგან ფუნდამენტურად განსხვავდებოდა, თუმცა მომხდარი კრემლში მაინც აშინებდათ. აქვე მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული აგრესია არახალი იყო და ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მიმდინარეობდა. 

უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო ის, რომ ოსი სეპარატისტების დამოუკიდებლად მოქმედება თავიდანვე გამორიცხული იყო, რადგან მათ შეიარაღებულ ფორმირებებს დაძაბულობის დაწყებისთანავე რუსი გენერალი, ანატოლი ბარანკევიჩი ჩაუდგა. ის ე.წ. თავდაცვის მინისტრად დანიშნეს. როგორც 2005 წელს თავად ამბობდა, პენსიაზე გასვლისთანავე ცხინვალში ჩავიდა. ეს რუსეთის ჰიბრიდული ომის კარგად ნაცადი ხერხია, რომელსაც საქართველოში ხვეწავდა, შემდეგ კი 2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთში დაწყებული ომის დროს ცხადი გახდა, რომ ყოფილი რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი არ არსებობს. დონბასშიც სწორედ "პენსიაზე გასული" რუსი სამხედროები და სამართალდამცველები ქმნიდნენ პრობლემებს. ბარანკევიჩი კი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც მაშინ ცხინვალში ასე ჩამოვიდა და ამასაც საკუთარი პირით ამბობდა.

"აი, მე - გადამდგარი რუსი ოფიცერი, გავედი თუ არა პენსიაზე, პირდაპირ სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად წავედი. და მხოლოდ მე არ ვარ ასეთი, რუსეთიდან ჩამოდიან სხვა ამხანაგებიც, მათ შორის ეროვნებით ოსებიც, რომლებიც აქამდე მსახურობდნენ საბჭოთა არმიაში, რუსეთის არმიაში. აი, ამ გზით ვეხმარებით, ჩვენ, რუსები სამხრეთ ოსეთს." - ამბობდა ბარანკევიჩი 2005 წლის დეკემბერში მიცემულ ინტერვიუში. ეს სიტყვები პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ რუსული სპეცსამსახურები სეპარატისტულ დაჯგუფებებს ადამიანური ძალით ამარაგებდნენ. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში წარმოუდგენელია, რომ პროვოკაციები, რომლებსაც ოსური ფორმირებები აწყობდნენ, დამოუკიდებლად ყოფილიყო გადაწყვეტილი.

ანატოლი ბარანკევიჩი

შემდეგ წლებში დაძაბულობა თანდათან იზრდებოდა. რუსი ე.წ. სამშვიდობოებო პარალელურ რეჟიმში საბრძოლო მასალით ამარაგებდნენ როგორც ოს, ისე აფხაზ სეპარატისტებს. პარალელურად, მოსკოვი, სამშვიდობო ეგიდის საფარველით, აფხაზეთში საკუთარი ძალების რაოდენობას ზრდიდა, მაშინ, როცა, როგორც ზემოთ უკვე ნახსენები იყო, ცხინვალელი სეპარატისტების რიგებს “გადამდგარი სამხედროებით” ავსებდნენ. იყო შემთხვევებიც, როცა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ქართველ სამხედროებს ატყვევებდნენ. 2007 წლიდან დაწყებული ვითარება უფრო და უფრო ვითარდებოდა, თუმცა უფრო ცხადი ხდებოდა ამ ყველაფერში რუსეთის ჩართულობაც. მაგალითად, 2008 წლის აპრილში რუსულმა ავიაგამანადგურებელმა აფხაზეთის თავზე ქართული დრონი ჩამოაგდო. ამავე თვეში ვლადიმირ პუტინმა, რომელიც მაშინ პრემიერის პოსტს იკავებდა, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარება გადაწყვიტა. აქამდე კი რუსეთის სახელმწიფო დუმა მას ამ ტერიტორიების "აღიარების" რეკომენდაციასაც კი აძლევდა. ივლისში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარა წვრთნები, სახელად კავკასია 2008, რომლის დროსაც სამხედროებს დაურიგეს ბროშურები, სათაურით: "ჯარისკაცო, იცნობდე შესაძლო მოწინააღმდეგეს". ტექსტში საუბარი იყო ქართულ ჯარზე. ამ წვრთნების პარალელურად ვითარება კიდევ უფრო იძაბებოდა. ივლისის ბოლო დღეებიდან ქართული სოფლები აქტიურად ხდებოდა ცეცხლის სამიზნე. შემდეგ კი კულმინაციის დროც მოვიდა.

რუსი სამხედროებისთვის კავკაზ 2008-ზე დარიგებული ბროშურები

თავად ის ფაქტი, რომ რუსი სამხედროები, რომლებსაც სამშვიდობო მანდატი არ გააჩნდათ, 7 აგვისტოს უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რამდენიმე ცნობით დასტურდება. 

პირველ რიგში, აღსანიშნია ზემოხსენებული "მოხალისეების" საკითხი. 4 აგვისტოს მარიონეტი ედუარდ კოკოითი ირწმუნებოდა, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკები მოხალისეების ქვედანაყოფების გასაგზავნად მზად იყვნენ. უკვე 6 აგვისტოს კი მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში, დიმიტრი მედოევი ამბობდა: "მოხალისეები უკვე მოდიან, პირველ რიგში, ჩრდილოეთ ოსეთიდან". ეს სწორედ ისეთივე სცენარი იყო, როგორც "მწვანე კაცუნების" გამოჩენა ყირიმსა და დონბასში. უცნობია "მოხალისეების" ზუსტი რაოდენობა, ან ის, თუ რამდენი მათგანი მოკვდა ომის დროს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ რეგულარული ჯარის დანაკარგები გამოაქვეყნა და ამ რიცხვის რეალურობაც სადავოა. რაც შეეხებათ ე.წ. "მოხალისეებს", როგორც რუსული მედია კომერსანტი 2008 წლის 12 აგვისტოს წერდა, სავარაუდოდ, საბრძოლო მოქმედებების ზონაში ყველაზე მეტი, 500-მდე მებრძოლი დაღესტნიდან ჩავიდა, შედარებით ნაკლები კი ჩეჩნეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან და ჩრდილოეთ ოსეთიდან. კომერსანტი ცხინვალიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს 100-ზე მეტი ჩრდილოკავკასიელი "მოხალისე" მოკვდა.

რაც შეეხება უშუალოდ რუსულ რეგულარულ ჯარებს, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე 7 აგვისტოს შემოსვლაც სხვადასხვა წყაროების მეშვეობით დასტურდება. ქართულ სპეცსამსახურებს მოპოვებული ჰქონდათ სატელეფონო ჩანაწერები, რომლებშიც 7 აგვისტოს გამთენიისას ოსი ე.წ. მესაზღვრეები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, რომ როკის გვირაბიდან რუსული სამხედრო ტექნიკა შემოდიოდა. აფხაზეთის მაშინდელმა მარიონეტმა ლიდერმა, სერგეი ბაღაფშმა სწორედ 7 აგვისტოს ჟურნალისტების თანდასწრებით შემდეგი სიტყვები თქვა: "მე ვესაუბრე სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს. ახლა სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილიზებულია. რაიონში შევიდა ბატალიონი ჩრდილოეთ კავკასიის [სამხედრო] ოკრუგიდან". სხვათა შორის, ეს სიტყვები მთავარ პროპაგანდისტულ არხის, Россия 1-ის ეთერში გაჟღერდა. მეტიც, 2008 წლის 11 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაზეთ Красная звезда-ში გამოქვეყნდა 58-ე არმიის 135-ე მოტომსროლელთა პოლკის მეთაურის, დენის სიდრისტის ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობდა, რომ ცხინვალში 7 აგვისტოს შევიდნენ.

"ჩვენ სწავლებაზე ვიყავით. სამხრეთ ოსეთის დედაქალაქიდან არც ისე შორს. გეგმური სწავლების შემდეგ სწორედ იქ ვიყავით ბანაკში, მაგრამ 7 აგვისტოს ცხინვალისკენ დაძვრის ბრძანება მოვიდა. წამოგვაყენეს განგაშზე და დაგვრაზმეს. მივედით, მოვთავსდით, უკვე 8 აგვისტოს კი ისეთი ძალით იფეთქა, რომ ბევრი მიმოიფანტა კიდეც." - ამბობდა სიდრისტი. 

შემდეგში გაზეთის ვებგვერდზე სამხედრო მეთაურის სიტყვებს 7 აგვისტოსთან "ღამე", 8 აგვისტოსთან კი "დილა" ჩაუმატეს, თუმცა კრემლის ოფიციალურ ქრონოლოგიას არც ეს თარიღი ერგებოდა. საბოლოოდ, ინტერვიუ უბრალოდ წაშალეს. ამას გარდა არსებობდა სხვა დამადასტურებელი საბუთებიც, რომლებიდანაც ჩანდა, რომ რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიაზე ყველანაირი სამშვიდობო ეგიდის გარეშე 7 აგვისტოს შემოვიდნენ. მსგავს დამადასტურებელ საბუთებს შორის იყო რუსი ჯარისკაცების მიერ საკუთარი დედებისთვის გაგზავნილი წერილები, რუსული მედიების ცნობები, ინტერვიუები დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებთან და ა.შ.

ამ ყველაფრის მიუხედავად ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანა ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს. თუმცა ეს არახალია. ახალი და კიდევ უფრო საშიშია ამ ნარატივის ახალი, დამაგვირგვინებელი ხაზი - ბოდიში. 

სწორედ ზემოხსენებულ მოვლენებს საქართველოში უამრავი ტრაგიკული მოვლენა მოჰყვა: გორის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა, ქართველთა მორიგი ეთნიკური წმენდა, დევნილების ახალი ნაკადი, გიორგი ანწუხელიძის წამება, მაროდიორობა და ა.შ. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის დახმარებით ქართველთა მიმართ ზიზღმა არნახულ ნიშნულს მიაღწია.

ივანიშვილის მიერ ბოდიშის ხსენების შემდეგ სოციალურ ქსელებში ხელახლა გავრცელდა ფოტოები, რომლებიც ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, ცხინვალშია გადაღებული და გალიაში გამოკეტილ ქართველებს ასახავს. ეს და აგვისტოს ომის სხვა ცნობილი ფოტოები ალბათ საუკეთესო ილუსტრაციაა, თუ რამდენად ამორალურია ივანიშვილის ნარატივი, თითქოს ვინმესთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი. მნიშვნელოვანია, რომ გალიაში გამოკეტილი ქართველები სამხედროებიც კი არ არიან. ისინი უბრალოდ ეთნიკური ქართველები, ძირითადად მოხუცი ქალები და კაცები არიან, რომლებიც ოკუპირებული რეგიონის სოფლებში ცხოვრობდნენ. ისინი ომის დასრულების შემდეგ დააკავეს და ტყვეობაში აგვისტოს ბოლომდე დარჩნენ. მანამ, სანამ ხანდაზმული ქართველები გალიაში არაადამიანურად ჰყავდათ გამოკეტილი, არც თუ ისე შორს რუსი დირიჟორი, ვალერი გერგიევი ოკუპანტებისთვისა და მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებისთვის კონცერტს მართავდა.

ცხინვალში დამწყვდეული ქართველები, ფონზე სეპარატისტებისა და ოკუპანტების აღნიშვნა მიმდინარეობს.

როგორ წაახალისა რუსეთის მოქმედებებმა ქართველების მიმართ ეთნიკური ზიზღი კომერსანტის 2008 წლის 18 აგვისტოთი დათარიღებულ სტატიაშიც ჩანს.

"ირბეკი გამოცოცხლებულად გვიყვებოდა, როგორ აპირებენ ადგილობრივი კაცები დილით ქართულ სოფლებში სახლების დაწვას. 

- სწორია, - ამბობს თამაზი. - მეც წამოვალ. 

- რატომ უნდა დაწვათ? - ვეკითხები მე. - იქ ხომ მშვიდობიანი ხალხი ცხოვრობდა, რომლებსაც ასევე ბომბავდნენ. მათ ახლა საცხოვრებელი აღარსად ექნებათ. 

- ამიტომაც უნდა დავწვათ, - ამბობს ირბეკი. - რათა დაბრუნება ვერ შეძლონ. აი, აფხაზებმა თავიანთი ომის შემდეგ ოჩამჩირეში მათი ყველა სახლი დაწვეს და ოჩამჩირე ახლა ცარიელია." - აღწერდა კომერსანტის ჟურნალისტი საკუთარ სტატიაში ომის შემდეგ მიმდინარე საუბრებს.

14 სექტემბრის სიტყვების შემდეგ, ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა ბოდიში პირველ რიგში საქართველოს იმ მოქალაქეებს უნდა მოუხადოს, ვისაც 2008 წლის აგვისტოს ომი უშუალოდ შეეხო, შემდეგ კი მთელ ქვეყანასაც.

კომენტარები