რუსული რეჟიმი

კალაძე: ლავროვის განცხადებას ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებთან" შერიგებაში დახმარებასთან დაკავშირებით პოზიტიურად აფასებს.

"რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურია. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ამ განცხადებებთან ერთად, პარალელურად, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ოს და-ძმებთან მოხდეს შერიგება. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთ მიტევებით შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება". - თქვა კალაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 28 სექტემბერს თქვა, რომ რუსეთი მზად არის, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში საქართველოს "მეზობლებთან", "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებთან" შერიგებაში დაეხმაროს.

მანამდე, 14 სექტემბერს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად", რადგან "მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები."

მოგვიანებით, ეს განცხადება კრემლის პროპაგანდისტმა, RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა შეაქო

"საქართველო განსაცვიფრებლად ადეკვატურად იქცევა, თითქოს მრავალწლიანი გადაბმული სმიდან (ორიგინალში - запой) ან ფსიქოზიდან გამოვიდა. თბილად მივესალმებით, ზოგადად!". - წერს სიმონიანი. 

კომენტარები