რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩმა, ზნაურ გასიევმა თქვა, რომ მარიონეტული რეჟიმი საქართველოსთან ურთიერთობებისთვის ღიაა, თუმცა საქართველომ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ბოდიში უნდა მოუხადოს, რეპარაციები გადაუხადოს და მისი დამოუკიდებლობა აღიაროს.
ამის შესახებ გასიევმა ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.
"მზად ვართ, ვიმეგობროთ ჩვენს სამხრეთელ მეგობართან, თუმცა ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. საჭიროა, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ". - თქვა გასიევმა.
14 სექტემბერს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად", რადგან "მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები."