2008 წლის ომი

გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე განცხადება გაავრცელა

გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა. აღნიშნული საკითხის განხილვის ინიციატორები იყვნენ ალბანეთი, საფრანგეთი, იაპონია, მალტა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები. 

სხდომის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს ქვეყნებმა: აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, ალბანეთმა, იაპონიამ და მალტამ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები განცხადებაში კვლავ გამოთქვამენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას. ასევე, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის პარალელურად, გმობენ რუსეთის პროვოკაციებს საქართველოში, როგორიცაა საქართველოს მოქალაქეთა გატაცება, უკანონო "ბორდერიზაცია", სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ რეგიონებში, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ქართული კულტურის შეზღუდვა. გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნები გმობენ დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებს. 

უშიშროების საბჭოს ქვეყნებმა ახსენეს 2021 წლის იანვარში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციას, როგორც სახელმწიფოს, რომელიც ახორციელებს ოკუპირებული რეგიონების ეფექტიან კონტროლს, ეკისრება პასუხისმგებლობა აქ ჩადენილ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე: მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე, სამხედრო ტყვეების წამება, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობა, რომელიც ხელს უშლის ქართველებს, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოძიების არჩატარება. 

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერები 2008 წლის საქართველოში რუსეთის შემოჭრისას და შემდეგ ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის. 

გაეროს უშიშროების საბჭო გამოთქვამს წუხილს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ ხერხდება ჰუმანიტარული მდგომარეობის კონტროლის მონიტორინგის შეუზღუდავი მექანიზმების დაშვება.

ერთობლივი განცხადების ავტორები ასევე გამოთქვამენ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრულად შესრულებისკენ. 

კომენტარები