ირანის რეჟიმთან აფილირებული ახალი ამბების სააგენტო Fars-ის ინფორმაციით, თეირანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკას მტკიცე გაფრთხილება გაუგზავნა და ქვეყნის ტერიტორიიდან "სიონისტების გაძევებისკენ" მოუწოდა.
ირანული გამოცემა ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის სპიკერის განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც თეირანი აზერბაიჯანს ემუქრება, რომ ქვეყნიდან "სიონისტები გააძევოს," რათა რეგიონში უსაფრთხოება შენარჩუნდეს.
"რეგიონში ამერიკელი და სიონისტი აგრესორების წინააღმდეგ მასშტაბური კონფლიქტის მიუხედავად, ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძაკებმა ყველანაირი ძალისხმევა ჩადეს, რათა თავიდან აერიდებინათ ეროვნული უსაფრთხოებისა და მეგობრული, მეზობელი და მუსლიმი ქვეყნებისთვის ზიანის მიყენება." - ციტირებს განცხადებას Fars News.
"ირანის მეზობელ ქვეყანას, აზერბაიჯანის რესპუბლიკას, მოვუწოდებთ, რომ როგორც მუსლიმურმა სახელმწიფომ, ქვეყნიდან სიონისტები გააძევოს, რათა თავიდან აირიდოს რეგიონში საშიშროების გავრცელება და საფრთხე არ შეექმნას საკუთარი მოსახლეობისა და ისლამური ირანის უსაფრთხოებას." - მიმართავს ირანის რეჟიმი აზერბაიჯანს.
პარალელურად, 7 მარტს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აშშ-მ ხუთშაბათს აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტსა და სკოლაზე ირანული დრონებით თავდასხმა დაგმო და აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"აშშ მკაცრად გმობს 5 მარტს ირანული რეჟიმის მხრიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინააღმდეგ დრონებით არაპროვოცირებულ თავდასხმას, რომლის სამიზნეც ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტი და ბავშვთა სკოლა იყო, რის შედეგადაც უდანაშაულო მოსახლეობა დაშავდა და დაზიანდა კრიტიკული მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა." - წერია სახდეპის განცხადებაში.
"ეს დარტყმები აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევაა და წარმოადგენს ირანის აგრესიის უაზრო ესკალაციას. აშშ სრულ სოლიდარობას უცხადებს აზერბაიჯანს ამ საფრთხეების წინააღმდეგ. რეგიონში ჩვენი პარტნიორების ტერიტორიაზე თავდასხმები მიუღებელია და აშშ-ს მხრიდან პასუხი ამ პარტნიორებისადმი ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა იქნება." - წერია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აზერბაიჯანული მხარის ცნობით, 5 მარტს ირანმა დრონებით ნახიჩევანის აეროპორტის ტერმინალის შენობასა და ახლომდებარე სკოლის ტერიტორიას დაარტყა, რის შედეგადაც აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაშავდა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის შემდეგ ისინი "საპასუხო ზომების მიღების უფლებას იტოვებენ". ხოლო მას შემდეგ, რაც ირანის რეჟიმმა დრონებით იერიშზე აზერბაიჯანის განცხადებები უარყო და ინციდენტზე პასუხისმგებლობა არ აიღო, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ დრონებით მიტანილი იერიშის უარყოფა "სრულიად მიუღებელია."
ამასთან, სამინისტროს განცხადებით, ტექნიკურმა საშუალებებმა დაადასტურეს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად იყო მიმართული.
სამინისტროს ცნობით, მათგან ერთი აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა, ხოლო დანარჩენებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სკოლის შენობაზე, მიიტანეს იერიში.
ირანის მხრიდან დრონებით იერიშის შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად ქვეყანაში რამდენიმე პირი დააკავა, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დავალებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის აფეთქებას გეგმავდნენ.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საზოგადოებაში პანიკის გამოწვევისა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის ზიანის მიყენების მიზნით, თავდასხმის სამიზნეებად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო, აზერბაიჯანში ებრაელების რელიგიური თემის ერთ-ერთი ლიდერი და აშკენაზური სინაგოგა იყო შერჩეული.
საქმის ფარგლებში დაკავებულმა აზერბაიჯანის 8 მოქალაქემ აღიარა, რომ იმ პირების დავალებებს ასრულებდა, რომლებიც IRGC-სთან იყვნენ დაკავშირებული.
გამოძიება მიიჩნევს, რომ ამ მოქმედებების ორგანიზებას IRGC-ის სადაზვერვო დანაყოფის ოფიცერი, ალი აშგარ ბორდბარ შერამი ხელმძღვანელობდა.





