დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ბაიდენი ნასრალას სიკვდილზე: ეს სამართლიანია, აშშ ისრაელის თავდაცვის უფლებას მხარს უჭერს

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას
Mike Segar/Reuters

თეთრი სახლი ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას სიკვდილის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის აშშ-ს მხრიდან ისრაელის მხარდაჭერაზე, ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული საფრთხის აღმოფხვრასა და საბოლოო ჯამში მშვიდობის დამყარებაზე საუბრობს. 

ბაიდენი აღნიშნავს, რომ ნასრალას მოკვლამ მისი ათასობით მსხვერპლისთვის სამართლიანობა აღადგინა და ამატებს, რომ აშშ ტერორისტული საფრთხისგან ისრაელის თავდაცვის უფლებას სრულად უჭერს მხარს. მისივე თქმით, აშშ ასევე ღაზასა და ლიბანში მშვიდობის დამყარებასა და მძევალთა გათავისუფლებას ემხრობა და ამისთვის შეთანხმების მიღწევას ცდილობს. 

ჰასან ნასრალა და ტერორისტული დაჯგუფება, ჰეზბოლა, რომელსაც ის მეთაურობდა, ორმოცწლიანი ტერორის მმართველობის პერიოდში ასობით ამერიკელის მკვლელობაზე იყო პასუხისმგებელი. ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად მისი სიკვდილი მისი მრავალი მსხვერპლისთვის, მათ შორის ათასობით ამერიკელი, ისრაელელი და ლიბანელი მშვიდობიანი მოსახლისთვის, სამართლიანობის აღდგენის ზომას წარმოადგენს.

იერიში, რომელმაც ნასრალა მოკლა, 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტით დაწყებული კონფლიქტის ფართო კონტექსტში მოხდა. (რედ. - ტერაქტის) მომდევნო დღეს ნასრალამ საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო, რომ ჰამასს შეერთებულიყო და, როგორც თავად ამბობდა, ისრაელის წინააღმდეგ "ჩრდილოეთის ფრონტი" გაეხსნა.

აშშ სრულად მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, თავი დაიცვას ჰეზბოლას, ჰამასის, ჰუსისტებისა და სხვა ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ. სულ რაღაც გუშინ, ჩემს თავდაცვის მდივანს მივუთითე, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშშ-ს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი მდგომარეობა გაეძლიერებინა, რათა აგრესია შეეფერხებინა და ფართო რეგიონული ომის რისკი შეემცირებინა.

საბოლოო ჯამში, ჩვენს მიზანს დიპლომატიური გზებით, როგორც ღაზაში, ისევე ლიბანში კონფლიქტის დეესკალაცია წარმოადგენს. ღაზაში ჩვენ ვცდილობთ, მძევალთა გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მივაღწიოთ, რომელსაც გაეროს თავდაცვის საბჭო მხარს უჭერს. ლიბანში ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომლის ფარგლებშიც ხალხი ისრაელსა და სამხრეთ ლიბანში თავის სახლებს უსაფრთხოდ დაუბრუნდებიან. დროა, რომ ამ შეთანხმებებს მივაღწიოთ, ისრაელის საფრთხეები აღმოიფრხვრას და ახლო აღმოსავლეთის ფართო რეგიონი დასტაბილურდეს.

 

ცნობისთვის, დღეს, 28 სექტემბერს ისრაელმა საჰაერო იერიშის დროს ლიბანური ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა. 

გუშინ, 27 სექტემბერს ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის მთავარ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, დაჯგუფების ცენტრი ჰეზბოლას სიმაგრედ ცნობილ დაჰიეს უბანში, სამოქალაქო შენობების ქვეშ იყო გამართული.

როგორც შემდგომში გაირკვა, ბეირუთში ისრაელის დარტყმების სამიზნე ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ჰასან ნასრალა იყო.

კომენტარები