ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა 16 სექტემბერს ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გაგზავნა უარყო. მისი თქმით, ირანის მთავრობას მისი პრეზიდენტობის პერიოდში, შესაბამისად, მიმდინარე წლის აგვისტოდან დღემდე, რუსეთისთვის იარაღი არ მიუწოდებია.
"შესაძლოა ეს წარსულში მოხდა, თუმცა მე შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ იმ დღიდან, როდესაც მე პრეზიდენტის ოფისი დავიკავე, რუსეთისთვის იარაღი არ მიგვიწოდებია" - თქვა ფეზეშქიანმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტმა კანდიდატმა მასუდ ფეზეშქიანმა 2024 წლის 6 ივლისს გაიმარჯვა, ხოლო თანამდებობას იგი ამავე წლის 28 ივლისიდან იკავებს. საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მიმდინარე წლის მაისის თვეში ირანის ყოფილი პრეზიდენტი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.
ფეზეშქიანის გარდა, რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გაგზავნა უარყო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. აბას არაღჩიმ ასევე დაამატა, რომ დასავლეთის მხრიდან ირანისთვის დაწესებული სანქციები მათ შორის არსებულ პრობლემებს ვერ გადაჭრის.
ცნობისთვის, 10 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის ქალაქების დასაბომბად ბალისტიკური რაკეტები გადასცა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციათა პაკეტი დააანონსა.
მანამდე, 6 სექტემბერს გამოცემა Wall Street Journal-მა ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირანმა რუსეთს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა.
როგორც WSJ წერს, ვაშინგტონმა მოკავშირეებს ამის შესახებ მიმდინარე კვირაში აცნობა. ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას დაუდასტურა, რომ ბალისტიკური რაკეტები რუსეთში უკვე ჩავიდა.
ირანმა რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ბალისტიკური რაკეტების გაგზავნა უარყო. გაეროში ირანის მისიის წარმომადგენლის მტკიცებით, "ირანი თავს იკავებს მსგავს ქმედებებში მონაწილეობისგან, თუმცა ასევე მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, შეწყვიტონ იარაღის მიწოდება კონფლიქტში ჩართული მხარეებისთვის".
თუმცა, ირანელმა პარლამენტარმა, აჰმად ბახშაიეშ არდესტანმა ცნობები 24 საათზე ნაკლებ დროში დაადასტურა მას შემდეგ, რაც იმავე ცნობები გაეროში ირანის მისიის წარმომადგენელმა უარყო.
ამავდროულად, კრემლმა არ უარყო, რომ რუსეთმა ირანისგან მოკლე რადიუსში მოქმედი ბალისტიკური რაკეტები მიიღო. ვლადიმირ პუტინის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს CNN-ისა და WSJ-ს მიერ გავრცელებული ცნობების შესახებ ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რომელზეც პესკოვმა უპასუხა, რომ "ასეთი ინფორმაცია რეალობას ყოველთვის არ შეესაბამება".
"ჩვენ ვნახეთ ეს ცნობები, თუმცა ასეთი ინფორმაცია რეალობას ყოველთვის არ შეესაბამება. ირანი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ მათთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს ვაძლიერებთ, ასევე ვაძლიერებთ თანამშრომლობასა და დიალოგს თითქმის ყოველ, მათ შორის, ყველაზე სენსიტიურ სფეროებშიც. და ჩვენ ამას, ორი ქვეყნის ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, კვლავ გავაგრძელებთ" - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.