კრემლმა არ უარყო, რომ რუსეთმა ირანისგან მოკლე რადიუსში მოქმედი ბალისტიკური რაკეტები მიიღო. ვლადიმირ პუტინის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს CNN-ისა და WSJ-ს მიერ გავრცელებული ცნობების შესახებ ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რომელზეც პესკოვმა უპასუხა, რომ "ასეთი ინფორმაცია რეალობას ყოველთვის არ შეესაბამება".
"ჩვენ ვნახეთ ეს ცნობები, თუმცა ასეთი ინფორმაცია რეალობას ყოველთვის არ შეესაბამება. ირანი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ მათთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს ვაძლიერებთ, ასევე ვაძლიერებთ თანამშრომლობასა და დიალოგს თითქმის ყოველ, მათ შორის, ყველაზე სენსიტიურ სფეროებშიც. და ჩვენ ამას, ორი ქვეყნის ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, კვლავ გავაგრძელებთ" - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, 6 სექტემბერს გამოცემა Wall Street Journal-მა ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირანმა რუსეთს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა.
როგორც WSJ წერს, ვაშინგტონმა მოკავშირეებს ამის შესახებ მიმდინარე კვირაში აცნობა. ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას დაუდასტურა, რომ ბალისტიკური რაკეტები რუსეთში უკვე ჩავიდა.
ირანმა რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ბალისტიკური რაკეტების გაგზავნა უარყო. გაეროში ირანის მისიის წარმომადგენლის მტკიცებით, "ირანი თავს იკავებს მსგავს ქმედებებში მონაწილეობისგან, თუმცა ასევე მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, შეწყვიტონ იარაღის მიწოდება კონფლიქტში ჩართული მხარეებისთვის".
თუმცა, ირანელმა პარლამენტარმა, აჰმად ბახშაიეშ არდესტანმა ცნობები 24 საათზე ნაკლებ დროში დაადასტურა მას შემდეგ, რაც იმავე ცნობები გაეროში ირანის მისიის წარმომადგენელმა უარყო.
როდესაც პარლამენტარს ჰკითხეს, გამოიწვევდა თუ არა ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა დასავლეთის მკაცრ უკურეაქციასა და მეტი სანქციის დაწესებას ირანისთვის, მან უპასუხა, რომ "სიტუაცია იმაზე უარესი, ვიდრე ახლა არის, ვერ გახდება".
"ჩვენ რაკეტებს ვაძლევთ ჰეზბოლას, ჰამასს, ალ-ჰაშდ ალ-შააბის. რატომ არ მივცეთ რუსეთს?" - რიტორიკული შეკითხვა დასვა ირანელმა პარლამენტარმა.
არდესტანის თქმით, რუსეთთან პარტნიორობა ირანისთვის კიდევ იმიტომაა სარგებლის მომტანი, რომ ეს ქვეყანას დასავლური სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
"ჩვენ ვყიდით იარაღს და ვიღებთ დოლარებს. ჩვენ სანქციებს გვერდს ვუვლით რუსეთთან პარტნიორობით. რუსეთი გვიგზავნის სოიოს, სიმინდს, ხორბალს და სხვა საქონელს. ევროპელები იარაღს უკრაინას აძლევენ. NATO უკრაინაში შევიდა. და ჩვენ რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი ჩვენს მოკავშირეს რაკეტებისა და დრონების გაგზავნით?" - კიდევ ერთი რიტორიკული შეკითხვა დასვა პარლამენტარმა.





