ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტები არ გაუგზავნია და დასავლეთის მხრიდან ირანისთვის დაწესებული სანქციები მათ შორის არსებულ პრობლემებს ვერ გადაჭრის.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ თავის X-ზე დაწერა.
"გავნმეორდები კიდევ ერთხელ, აშშ და E3 (გერმანია,საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი) გაუმართავი დაზვერვისა და მცდარ ლოგიკაზე დაყრდნობით მოქმედებს. ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტები არ გადაუცია. წერტილი.. სანქციები გამოსავალი კი არა, პრობლემის ნაწილია". - წერს არაღჩი.
რამდენიმე დღით ადრე, ირანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ, ირანელმა პარლამენტარმა დაადასტურა ცნობები, რომელთა მიხედვითაც თეირანმა მოსკოვს ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა.
ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, აჰმად ბახშაიეშ არდესტანმა ცნობები 24 საათზე ნაკლებ დროში დაადასტურა მას შემდეგ, რაც იმავე ცნობები გაეროში ირანის მისიის წარმომადგენელმა უარყო.
ამავდროულად, კრემლმა არ უარყო, რომ რუსეთმა ირანისგან მოკლე რადიუსში მოქმედი ბალისტიკური რაკეტები მიიღო. ვლადიმირ პუტინის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს CNN-ისა და WSJ-ს მიერ გავრცელებული ცნობების შესახებ ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რომელზეც პესკოვმა უპასუხა, რომ "ასეთი ინფორმაცია რეალობას ყოველთვის არ შეესაბამება".
"ჩვენ ვნახეთ ეს ცნობები, თუმცა ასეთი ინფორმაცია რეალობას ყოველთვის არ შეესაბამება. ირანი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ მათთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს ვაძლიერებთ, ასევე ვაძლიერებთ თანამშრომლობასა და დიალოგს თითქმის ყოველ, მათ შორის, ყველაზე სენსიტიურ სფეროებშიც. და ჩვენ ამას, ორი ქვეყნის ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, კვლავ გავაგრძელებთ" - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.





