ირანი-რუსეთი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-სთან მოლაპარაკებებზე კონსულტაციას მოსკოვში გაივლის

REUTERS/Mohamed Azakir

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მიმდინარე კვირაში რუსეთს ეწვევა და მოსკოვში აშშ-სთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაივლის.

ირანის საგარეო უწყების სპიკერის, ისმაილ ბაღაეს თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მოსკოვში კვირის ბოლოს შედგება. "ვიზიტი წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა მის ფარგლებში ომანში აშშ-სთან გამართული მოლაპარაკებების თაობაზეც კონსულტაციებიც გაიმართება". - განაცხადა ბაღაემ.

მისი თქმით, ირანს ამ კვირაში გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA)   ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი ეწვევა.

მანამდე, 13 აპრილს, თეთრმა სახლმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის შეხვედრა "კონსტრუქციულად" არის მოხსენიებული

"დისკუსიები ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული იყო და აშშ ღრმად მადლიერია ომანის სასულთნოსი ინიციატივის მხარდაჭერისთვის. სპეციალურმა წარმომადგენელმა უიტკოფმა დოქტორ არაღჩისთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მას პრეზიდენტმა ტრამპმა დაავალა, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის სხვაობები დიალოგისა და დიპლომატიის გზით მოაგვაროს, თუ ეს შესაძლებელია". - წერია თეთრი სახლის განცხადებაში. 

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდს თეირანი და ვაშინგტონი შემდეგ კვირაში, 19 აპრილს გამართავენ.

როგორც ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, შეხვედრაზე უიტკოფმა და არაღჩიმ "ცოტა ხნის განმავლობაში ისაუბრეს". ირანულმა მხარემაც დისკუსიები "კონსტრუქციულად" მოიხსენია. 

 

კომენტარები