საქართველოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უჩივის და ამბობს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ. ამის შესახებ ინფორმაციას სადიგოვის ცოლი ავრცელებს, რომელმაც ქმარი დაკავების შემდეგ პირველად, 21 აგვისტოს მოინახულა.
"აფგანი ძალიან დაძაბული და შეშფოთებული ჩანდა. მას ყველაზე მეტად ის აწუხებს, რომ ჩვენი ოჯახი, განსაკუთრებით კი ჩვენი არასრულწლოვანი შვილები უსაფრთხოდ არ არიან. კვლავ ვგრძნობთ, რომ თბილისში გვითვალთვალებენ და ვცდილობთ, არ დავტოვოთ ნაქირავები ბინა, თუ ამის აუცილებლობა არაა.
აფგანმა ასევე თქვა, რომ მასთან ერთად საკანში ისეთი ხალხი ჩასვეს, რომლებიც მის ყველა ქმედებას აკვირდებიან. აფგანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალი პრობლემებიც შეექმნა - ნერვული სისტემა დაუზიანდა და უძილობა აწუხებს". - თქვა სადიგოვის ცოლმა.
სადიგოვის ცოლის თქმით, აფგანმა უთხრა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ფალსიფიცირებულია.
"აფგანი თვლის, რომ თუ მისი აზერბაიჯანში ექსტრადირება მოხდება, კიდევ უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება. იმიტომ, რომ შესაძლოა, იქ მას კიდევ უფრო სერიოზული ბრალდება წაუყენონ. აფგანი დარწმუნებულია, რომ ის აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკის გამო დააკავეს". - ამბობს სადიგოვის ცოლი.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.
აქამდე, 19 ივლისს, აფგან სადიგოვმა განაცხადა, რომ მას თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო დაბრუნება.
4 აგვისტოს სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატის თქმით, სადიგოვსა და მის ოჯახს აზერბაიჯანში მოკვლით ემუქრებოდნენ.
"თვითონაც აცხადებდა, რომ ემუქრებოდნენ არამარტო მისი, არამედ მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და ეს რისკები, რა თქმა უნდა არის, რომ ესქტრადიციის შემთხვევაში, შესაძლოა დაექვემდებაროს (მისი განცხადებით) წამებას ან შეიძლება ლიკვიდაციაც მოხდეს". - თქვა სადიგოვის ადვოკატმა.
ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო თემა საქართველოა, საკუთარ X-ზე წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისფულებას აფგან სადიგოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
რაუფოღლუს თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა უთხრა, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას "სწრაფად" გაათავისუფლონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელმაც ქვეყანა თავის ნებით დატოვა და რომელიც გასულ კვირას თბილისში დააკავეს.