აფგან სადიგოვი

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

IPN

აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს, აფგან სადიგოვს 3 თვის ვადით საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. 

როგორც ტაბულას აფგან სადიგოვის ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე ეუბნება, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

3 აგვისტოს აფგან სადიგოვი თბილისში დააკავეს. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, აფგან სადიგოვი 2024 წლიდან, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.

აქამდე, 19 ივლისს, აფგან სადიგოვმა განაცხადა, რომ მას თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო დაბრუნება. 

"ილჰამ ალიევის მორიგი პოლიტიკური დაკვეთა. საქართველოდან გაფრენის საშუალება არ მომცეს და თქვეს, საქართველოდან გასვლის უფლება არ გაქვს და მხოლოდ აზერბაიჯანში შეგიძლია დაბრუნდეო. ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე მითხრეს, რომ ჩემი პასპორტი სისტემაში უბრალოდ არ ჩანდა" - წერდა სადიგოვი სოციალურ ქსელში. 

როგორც რადიო თავისუფლება წერს, სადიგოვი ცოლთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში გასული წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდა - ოჯახი ბოლო შვიდი თვეა, რაც თბილისში ცხოვრობს, ხოლო აზერბაიჯანელი ჟურნალისტი წელიწად-ნახევრით ადრეც იმყოფებოდა საქართველოში.

გამოცემა OC MEDIA-ს ცნობით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ორჯერ - 2016 წელს ორ წელიწად ნახევრით, ხოლო შემდეგ 2019 წელს, შვიდი წლის ვადით დააპატიმრეს - გამოცემის თქმით, ჟურნალისტს 4 წლის შემდეგ, შეწყალების შედეგად პატიმრობის ვადა შეუმცირდა.

სადიგოვმა რადიო თავისუფლებასთან ციხეში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა. მისი თქმით, იგი 242 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რამაც მისი ჯანმრთელობა დააზიანა.

"2020 წელს რომ დამაპატიმრეს, ციხეში შიმშილობა დავიწყე. 242 დღის განმავლობაში ვიშიმშილე, რამაც ძალიან შეარყია ჩემი ჯანმრთელობა და სამკურნალოდ საქართველოში ჩამოვედი. შემდეგ კვლავ აზერბაიჯანში დავბრუნდი, მაგრამ იმის გამო, რომ იქ თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობდი, ცოლ-შვილთან ერთად თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად და აქედან, დისტანციურად ვაგრძელებდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას". - თქვა სადიგოვმა გამოცემასთან.

 

კომენტარები