აფგან სადიგოვი

SJC: თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა

აფგან სადიგოვი
პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგაც საქართველოს საერთო სასამართლოებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვეს.

SJC-ის ცნობით, სასამართლოებმა გადაწყვეტილება ზეპირი განხილვის გარეშე მიიღეს და სოციალური სამართლიანობის ცენტრის სარჩელები აფგან საიდიგოვის საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ დასაშვებადაც კი არ ცნეს.

"საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა.

სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზეპირი განხილვის გარეშე შუამდგომლობა დაუშვებლად სცნო და აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 17 მარტს, სადაც აღნიშნა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ახალ გარემოებას, რომელიც შეიძლება გავლენა მოახდინოს აღკვეთის ღონისძიებაზე.

რაც შეეხება აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ მან დაიწყო საკვების მიღება, და მისი მდგომარეობა უმჯობესდება. მნიშვნელოვანია, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულებამ გააგრძელოს ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული და სრულყოფილი შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა". - წერს ცენტრი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს.

28 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) აფგან სადიგოვის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, დროებითი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა, "სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში".

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე აფგან სადიგოვმა ხანგრძლივი, 161-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა.

3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.

4 აგვისტოს სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა

24 აგვისტოს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ - დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასაც უჩიოდა.

კომენტარები