ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო თემა საქართველოა, საკუთარ X-ზე წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისფულებას აფგან სადიგოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
რაუფოღლუს თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა უთხრა, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას "სწრაფად" გაათავისუფლონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელმაც ქვეყანა თავის ნებით დატოვა და რომელიც გასულ კვირას თბილისში დააკავეს.
"ღრმად შეშფოთებული ვართ თბილისში აფგან სადიგოვის დაკავების ცნობებით. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, პატივი სცენ ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ... მისი დაკავება ხდება აზერბაიჯანული სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის ფონზე და აზერბაიჯანის მთავრობას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული, თავი შეიკავოს სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღებისგან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ, და დაასრულოს მედიის თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრა." – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა რაუფოღლუს ცნობით.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.
აქამდე, 19 ივლისს, აფგან სადიგოვმა განაცხადა, რომ მას თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო დაბრუნება.
4 აგვისტოს სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატის თქმით, სადიგოვსა და მის ოჯახს აზერბაიჯანში მოკვლით ემუქრებოდნენ.
"თვითონაც აცხადებდა, რომ ემუქრებოდნენ არამარტო მისი, არამედ მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და ეს რისკები, რა თქმა უნდა არის, რომ ესქტრადიციის შემთხვევაში, შესაძლოა დაექვემდებაროს (მისი განცხადებით) წამებას ან შეიძლება ლიკვიდაციაც მოხდეს". - თქვა სადიგოვის ადვოკატმა.