გამოსახლება

აღსრულების ბიურო: კრედიტორი მოვალეს ალტერნატიულ ფართს სთავაზობდა, მოვალემ უარი თქვა

აღსრულების პოლიცია ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს, 2024 წლის 23 იანვარი.
ტაბულა

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, კეკელიძის N1-ში სადავო საქმესთან დაკავშირებით კრედიტორმა მევალეს შესთავაზა საცხოვრებელი ფართის ალტერნატივა, თუმცა მარინა ხატიაშვილმა უარი თქვა. მათივე ცნობით, გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციამ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ გადაავადა.

"ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს". - წერია აღსრულების ბიუროს განცხადებაში.

დღეს, 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიურომ გადაუხდელი სესხის გამო  ხატიაშვილების ოჯახი გაასახლა. იქამდე, დაპირისპირება მოხდა პოლიციას და მოქალაქეებს შორის, რის გამოც, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. 

გამოსახლებული მარინა ხატიაშვილის თქმით, "დღეს ჩვენ ვართ მოწმე ერთობლივი საპოლიციო და სააღსრულებო გამოსახლების". მისი მტკიცებით, პოლიცია მევახშის უფლებებს იცავს.

კითხვაზე, რომ პირმა, ვისთანაც დავა ჰქონდა, გამოსახლებულ ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი სივრცე შესთავაზა, მარინა ხატიაშვილი პასუხობს - "ალტერნატიული რაღაცა გარაჟი შემოგვთავაზა, თან ნაჩუქრობით გვიკეთებდა და ნაჩუქრების გაუქმების უფლება მას აქვს მთელი 1 წლის განმავლობაში ანუ იქიდანაც მიპირებდა".

"უყურეთ, რა ლოგიკა იყო, ვითომ იძახდა, 150 000 დოლარი დამახვედრეთ და მერე წავალო. ჩვენ ვაძლევდით 70 ათას დოლარს და პლუს ის ფართი, რომელსაც ეგ მთავაზობდა, ღირს ასევე სადღაც 70 000 დოლარი, იქიდანაც ვიღაცა ჰყავს გამოსახლებული, როგორც ჩანს. ანუ არანაირი ლოგიკა არ იყო ამაში, თან ანუ ნაჩუქრობით მიპირებდა, რომელიც ერთი წლის მანძილზე ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს და იქიდანაც გამომასახლოს" - თქვა ხატიაშვილმა. 

კეკელიძის  N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა. ბინის დაკარგვის მიზეზი გადაუხდელი სესხი გახდა. მოქალაქეები გამოსახლების შესაჩერებლად შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. კეკელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო.

კომენტარები