გამოსახლება

აღსრულების ბიურო: გაზი არ გამოგვიყენებია, წიწაკის სპრეი თავად ბინაში მყოფებმა გაუშვეს

ტაბულა

აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას აქვეყნებს, სადაც უარყოფს კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დროს გაზის გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ბიუროს განცხადებაში წერია, რომ თავად ბინაში მყოფი პირები ასხამდნენ წიწაკის სპრეის სამართალდამცველებსა და აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებს.

"ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება.

აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი.

აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს". - წერია აღსრულების ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კეკელიძის  N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლება მიმდინარეობს. ბინის დაკარგვის მიზეზი გადაუხდელი სესხი გახდა. 

მოქალაქეები გამოსახლების შესაჩერებლად შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. კეკელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

კომენტარები