თბილისი მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ის დღეს თვალჭრელიძის ქუჩაზე ერთ-ერთ შენობაში შესახლებული მოსახლეობის გამოსახლებას გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, რადგან შენობა კერძო საკუთრებაშია, რაც მუნიციპალიტეტის მერიას შეუძლია, ეს არის დედაქალაქში რეგისტრირებული პირების ქირით გაყვანა, თუმცა შესახლებული პირები უარს ამბობდნენ შეთავაზებაზე.
"პირველი, რაც მნიშვნელოვანია, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობა არის კერძო საკუთრებაში და არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და არც იქ შეჭრილი ადამიანების საკუთრებას. ამის მიუხედავად, როგორც გითხარით, მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციურ მედიაში და სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია, ნუ, აი, ნახეთ, კალაძე, მერია როგორ ყრის მოსახლეობას საცხოვრებელი ფართებიდან, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის მათი საკუთრება.
რა შეუძლია მუნიციპალიტეტს ამ შემთხვევაში და რას სთავაზობს მოსახლეობას მერია - ნუ, პირველი და მნიშვნელოვანი, რაზეც ბევრჯერ მისაუბრია, ბევრჯერ გამიკეთებია განმარტებები ამასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ქირით უზრუნველყოფა, რასაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ, როდესაც აღნიშნული შენობა თვითნებურად დაიკავეს ამ ადამიანებმა, დედაქალაქში რეგისტრირებულ ყველა პირს სთავაზობდა სამგორის გამგეობა ქირით უზრუნველყოფას. ხაზს ვუსვამ, დედაქაკაქში რეგისტრირებულ ყველა პირს, სამგორის რაიონის გამგეობა სთავაზობდა ქირით გაყვანას და უზრუნველყოფას. რა თქმა უნდა, იყო უარი ამასთან დაკავშირებით.
მათ ასევე შეხვდნენ თბილისის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს წარმომადგენლები, განუმარტეს შეთავაზებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ოქმები ამ ადამიანების ხელმოწერებით, სადაც უარს აცხადებენ ქირით გასვლაზე. ე.ი. თბილისში რეგისტრირებული იყო ცხრა ოჯახი და მხოლოდ სამმა ოჯახმა გამოთქვა თანხმობა, ერთზე ვერ მოხდება ქირით უზრუნველყოფა, რადგან მას უფიქსირდება გარკვეული ქონება. შესაბამისად, ორის გაყვანის უზრუნველყოფას მოახდენს მუნიციპალიტეტი" - თქვა კალაძემ.
მისივე თქმით, მერია ვერ ჩაერთვება იმ ოჯახების პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც არ არიან თბილისში რეგისტრირებულები, რადგან კანონმდებლობა არ აძლევს ამის საშუალებას.
"რაც შეეხება დანარჩენ ოჯახებს, მათ არ გააჩნიათ თბილისის რეგისტრაცია, შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტი მოკლებულია ყოველგვარ ბერკეტს, ჩაერთოს მათი პრობლემის მოგვარებაში. ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება, კანონი არ გვაძლევს ამის შესაძლებლობას, რომ მაგალითად, სხვა რეგიონში რეგისტრირებული ადამიანი დავაკმაყოფილოთ თბილისში ქირით და გავიყვანოთ ქირით. [...]
თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე კერძო ტერიტორიაზე აღრიცხულია უკანონოდ შეჭრილი 200-ზე მეტი პირი. მათგან 58 მოქალაქეს გააჩნია დევნილის სტატუსი და უმეტესობა უკვე დაკმაყოფილებულია სახელმწიფოსგან, დანაჩენებზე კი მიმდინარეობს შესაბამისი პროცესი. [...]
რაც შეეხება უსახლკაროს სტატუსის მიღებას, ამას აქვს თავისი წესები და რა თქმა უნდა, მოქალაქე, რომელიც აკეთებს განაცხადს უნდა აკმაყოფილებდეს იმ ყველა წესს, რაც კანონითაა გაწერილი" - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, დევნილის სტატუსის მქონე ერთ პირს რამდენიმე წლის წინ გადაეცა საცხოვრებელი ფართი, რომელიც მან გაყიდა და ასევე ერთ-ერთ მოქალაქეს ჰყავს 5 ავტომობილი და სკუტერი.
"არ მინდა, დეტალებში შევიდე, მაგრამ ვნახოთ ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ოპომედიის მტკიცებით, დღევანდელი გასახლების შემდეგ ღია ცის ქვეშ დარჩნენ. წარმოგიდგენთ დოკუმენტებს, სადაც მაგალითად ფიქსირდება დევნილის სტატუსის მქონე ადამიანი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მიიღო საცხოვრებელი ფართი და ის გაყიდა.
ასევე, დღევანდელი მედიის მთავარი გმირი გახდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ფლობს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი სილაურში. მის სახელზე
რეგისტრირებულია, არც მეტი, არც ნაკლები, 5 ავტომობილი და 1 სკუტერი" - თქვა კალაძემ.
"ავარიულ კორპუსები უდიდესი პრობლემაა და ნაცვლად იმისა, რომ მედია, საზოგადოება, ოპოზიცია დაინტერესებული იყოს რეალური გამოსავლის ძებნით, რადგან ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ყველას გვეხება იგი, დაკავებულია ხელისშეშლით. ყველამ კარგად იცით, რომ მოქმედებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ეტაპობრივად ჩვაანაცვლოთ ასეთი კორპუსები. მას თავისი პირობები და წესები გააჩნია. თბილისის მერია ყველა ოჯახს, ვისაც აქვს საცხოვრებლის პრობლემა, ცხოვრობს ავარიულ სახლებში ეხმარება, სთავაზობს გადაწყვეტის გზებს, მაგრამ მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა. ეს პოლიტიკური სპეკულაციები, მიზანმიმართული ცილისწამება არის ერთსაათიანი - რა დროსაც შეგიძლიათ, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, მაგრამ სიმართლე არის ის, რაზეც ვისაუბრე და ყველაფერი დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით" - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, თვალჭრელიძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის და აღსრულების ბიუროს თანამშრომლების მიერ შენობიდან დევნილთა გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს.
აღსრულების პოლიციის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, შენობას მინიჭებული აქვს მეოთხე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი.
გამოსახლებისას 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.





