დღეს თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებულ მოქალაქეთა ნაწილის სასამართლო პროცესები გაიმართა. მათი ნაწილი სასამართლო დარბაზიდან გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლეს, ზოგი დააჯარიმეს, ზოგის სასამართლო პროცესი კი გადაიდო.
გამოსახლების დროს დაკავებული ქველაძეები, მამა და 2 შვილი მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სხდომათა დარბაზიდან შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა.
გამოსახლებული 2 პირი, ლადო ჩახაია და რევაზ ნადირაშვილი მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა.
დაკავებული აქტივისტები, გიორგი დუმბაძე და დათუნა დანელია მოსამართლე ცეკვავამ 5 000-5 000 ლარით დააჯარიმა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კი აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი 3 5000 ლარით, სოფიო მარკოზია კი - 2 500 ლარით დააჯარიმა.
დაკავებული სტუდენტების დავით ქაშიაშვილისა და ნენე გაბლაიას პროცესი 6 აგვისტომდე გადაიდო. მათი თქმით, დაკავების დროს მიიღეს ფიზიკური დაზიანებები და არ მისცეს საშუალება ოჯახთან დაერეკათ.
"ბრალს მიყენებენ, რომ არ დავემორჩილე პოლიციის კანონიერ ბრძანებას, რაც არის აბსურდი უბრალოდ იმიტომ, რომ როდესაც ჩემ მეგობარს აკავებდნენ პოლიციელს ვეკითხები, რომ “რატომ აკავებ? რატომ აკავებ-თქო” და შემდეგ მაგდებენ ძირს და მეც მაკავებენ. რაც შეეხება უშუალოდ დაკავების პროცესს, არ ვიცი კადრებში ჩანს თუ არა, მაგრამ მივყვები ჩვეულებრივად, არც ვეჯაჯგურები, არც არაფერი, მაგრამ მაინც ჩალურჯებებით მივედი მანქანამდე.
გზაში იყო პროვოკაციული სიტყვები, რომ ასე ვთქვათ საბაბი მიეცათ, რომ მე რაღაც მექნა და შემდეგ უფრო მძიმე ბრალი წაეყენებინათ ჩემთვის, მაგრამ ამ პროვოკაციებს არ ავყევი. იყო თმაზე ხელის ჯაჯგური და ა.შ. […] პოლიციელი ვინც იძახის, რომ დამაკავა და უშიალოდ დამიწერა დაკავების ოქმი არც იმყოფებოდა იქ. არც ოჯახთან არ დამარეკინეს და ვერაფერი ვერ ვქენი, ვერც ვუთხარი ჩემებს, რომ კარგად ვიყავი და არ ენერვოულათ." - თქვა სტუდენტმა, დავით ქაშიაშვილმა.
ჯამში, რეჟიმის პოლიციამ თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით 17 ადამიანი დააკავა.
24 ივლისს თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციამ და აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა შენობიდან დევნილები გამოასახლეს.
მაცხოვრებლების ცნობით, მერიამ მათ 2-3 თვით ქირის გადახდა შესთავაზა.
აღსრულების პოლიციის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, შენობას მინიჭებული აქვს მეოთხე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი.






