თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, გამოსახლების დროს დაკავებული მოქალაქეები ადვოკატებმა მოინახულეს. მათი თქმით, პოლიციამ დაკავებულებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა.
გუშინ, 24 ივლისს, თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლებული პირების მხარდასაჭერად მოქალაქეები შეიკრიბნენ.
"ახალგაზრდები დააკავეს და მათზე იძალადეს. ერთი მხრივ, ამ ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოხდა. თითქოს, მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ და კაცებს პრინცესებს ეძახდნენ [...] ასევე, მათზე ფიზიკურადაც იძალადეს. დაკავების დროს თმით ათრიეს და ფილტვებისა და მუცლის არეში რამდენჯერმე ჩაარტყეს. ერთ-ერთ დაკავებულს სასწრაფოც გამოუძახეს და საავადმყოფოში გადაჰყავდათ, მაგრამ თავად ეს პიროვნება არ გაჰყვა". - თქვა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.
ერთ-ერთი დაკავებულის, სოფო მარკოზიას ადვოკატის, საბა სუთიძის თქმით, სოფომ დაკავების დროს ფიზიკური დაზიანებები მიიღო.
"სოფო მოვინახულე, ამჟამად თავს კარგად გრძნობს. დაკავების დროს მან სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო - მკლავი ჩალურჯებული და ერთ ადგილას გაჭრილი აქვს". - ამბობს ადვოკატი.
ჯამში, რეჟიმის პოლიციამ თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით 17 ადამიანი დააკავა.
შსს-ს ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულთა შორის არიან სტუდენტები, აქტივისტები, ადგილობრივი მოსახლეობა.
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციამ და აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა შენობიდან მოქალაქეები გამოასახლეს. მათი ნაწილი ადგილზე ამ დრომდე რჩება, სადაც შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს.
მაცხოვრებლების ცნობით, მერიამ მათ 2-3 თვით ქირის გადახდა შესთავაზა.
აღსრულების პოლიციის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, შენობას მინიჭებული აქვს მეოთხე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი.






