ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოსთან ჰამასის ერთ-ერთი მძევლის ცხედარი იპოვეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან ახლოს ისრაელის მოქალაქის, იეჰუდიტ ვაისის ცხედარი იპოვეს. ვაისი 7 ოქტომბერს, ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შედეგად ტერორისტებმა აიყვანეს ტყვედ.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანთის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის ქალაქის დასავლეთ ნაწილი სრულად გაათავისუფლა ჰამასის ობიექტების თუ ტერორისტებისგან და ტერიტორია მთლიანად დაიკავა. მისივე თქმით, სამხედრო ოპერაცია ღაზაში ახალ ეტაპზე გადადის.

ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციის მიზანი ტერორისტების განეიტრალებასთან ერთად ტყვეების პოვნაა.

Washington Post-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ჰამასი თანახმაა საკუთარი მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, მძევლად აყვანილი 50-მდე ქალი და ბავშვი გაათავისუფლოს.  ამერიკული გამოცემა აღნიშნულს მოლაპარაკებებში ჩართულ არაბ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ჰამასი ისრაელისგან 3-დან 5-დღემდე ხანგრძლივობის ცეცხლის შეწყვეტას, ღაზაში შემავალი ჰუმანიტარული ტვირთების მოცულობის ზრდას და ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალებისა და ბავშვების ნაწილის გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც გამოცემა წერს, გარკვეულ კომპონენტებზე შეთანხმების შესახებ ცნობების გავრცელების ფონზე, აშშ და სხვა დაინტერესებული მხარეები ამ დროისთვის ისრაელის ოფიციალურ პასუხს ელოდებიან, სადაც ზემოხსენებული პირობების განხილვა კვლავ გრძელდება. მძევლების გათავისუფლების შესახებ შესაძლო შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ვითარებას "ფრთხილი ოპტიმიზმით" უყურებს.

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები