ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნეთანიაჰუმ ჰამასის გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს "ბოროტი ფსიქოლოგიური პროპაგანდა" უწოდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისმა ჰამასის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც მძევლად აყვანილი 3 ისრაელელი ქალი ჩანს, "ბოროტი ფსიქოლოგიური პროპაგანდა" უწოდა და ტერორისტული დაჯგუფება ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა.

პრემირიერმინისტრის ოფისის ცნობით, მძევლად აყვანილი ქალები ისრაელის მოქალაქეები – დანიელ ალონი, რიმონ კირშტი და ელენა ტრუპანობი არიან. 

პრემიერმინისტრის ოფისი აღნიშნავს, რომ ვიდეოჩანაწერში ერთ-ერთი ქალის მიერ გაჟღერებული სიტყვები უდიდესი ალბათობით ტერორისტული ორგანიზაციის მიერ არის ნაკარნახევი.

"ჩვენი გული არის თქვენთან და ყველა სხვა მძევლებთან. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დავაბრუნოთ ყველა გატაცებული". - გამოეხმაურა ჩანაწერს ნეთანიაჰუ.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც სამი მძევლად აყვანილი ისრაელელი ქალი ჩანს.

76-წამიან ვიდეოჩანაწერში, ერთ-ერთი ქალი ისრაელის ხელისუფლებას ებრაულ ენაზე აკრიტიკებს და ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტყვეების გაცვლაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

უახლესი მონაცემებით, ჰამასს 239 ისრაელელი მძევალი ჰყავს აყვანილი.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები