ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სავარაუდო მძევლები ისრაელს ტყვეთა გაცვლისკენ მოუწოდებენ

ისრაელის იერიში ღაზის სექტორში, 2023 წლის 11 ოქტომბერი
Ali Jadallah/Anadolu Agency

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც სამი, სავარაუდოდ, მძევლად აყვანილი ისრაელელი ქალი ჩანს.

76-წამიან ვიდეოჩანაწერში, ერთ-ერთი ქალი ისრაელის ხელისუფლებას ებრაულ ენაზე აკრიტიკებს და ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტყვეების გაცვლაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

AFP-ის ცნობით, ზემოხსენებული ქალი საუბრის დროს ემოციური ხდება, ბოლოს კი ყვირილს იწყებს, დანარჩენი ორი ქალი კი მთელი ჩანაწერის განმავლობაში ჩუმად სხედან.

"ჩვენ პასუხს ვაგებთ თქვენი პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და სამხედრო ჩავარდნის შედეგად. იქ არ იყვნენ სამხედროები, არავინ მოსულა. არავინ დაგვიცვა.

ჩვენ ვართ უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებიც ისრაელს გადასახადებს ვუხდით, ახლა კი მძიმე პირობებში ტყვეობაში ვიმყოფებით. თქვენ ჩვენ გვკლავთ.

ჩვენი მოკვლა გსურთ? არ არის საკმარისი რომ თქვენ ყველა მოკალით? არ არის საკმარისი მოკლული ისრაელის მოქალაქეების რაოდენობა?

გაგვათავისუფლეთ ახლავე. გაათავისუფლეთ მათი მოქალაქეები, მათი პატიმრები, გაგვათავისუფლეთ ყველა. მოგვეცით საშუალება დავუბრუნდეთ ოჯახებს". - ტყვედ აყვანილი ქალის მიმართვას Al Jazeera ავრცელებს.

უახლესი მონაცემებით, ჰამასს 239 ისრაელელი მძევალი ჰყავს აყვანილი.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები