ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის ახალი კანონპროექტით, ჯგუფების გარდა, ინდივიდის ტერორისტად გამოცხადებაც შეიძლება

ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ღაზის სექტორის საზღვართან, 2023 წლის 14 ოქტომბერი.
AP Photo/Ariel Schalit

Times of Israel-ის ცნობით,  საკანონმდებლო საკითხებში ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში შესწორება წარადგინა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს არა მხოლოდ ორგანიზაციის, არამედ, ცალკეული ინდივიდის ტერორისტულ აგენტად გამოცხადება შეეძლება.

როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანთისა და იუსტიციის მინისტრის, იარივ ლევინის ერთობლივ განცხადებაში წერია, შესწორების მიზანს "სხვადასხვა ორგანიზაციაში, განსაკუთრებით კი ჰამასის ტერორისტულ დაჯგუფებაში მოქმედი ინდივიდების დაფინანსების ჩაშლა" წარმოადგენს. 

"ეს ჩასწორება ადმინისტრაციულ ზომებს გააფართოებს, რომელთაც ცალკეული ტერორისტებისა და ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოყენება შეიძლება. ამასთან, ის ტერორისტული მიზნით კადრების გადაბირების, დაფინანსებისა და თანხების გადარიცხვის საკითხებსაც შეეხება". – წერია განცხადებაში.

ჰამასის ფინანსური შესაძლებლობების შეზღუდვას აშშ-ც ცდილობს. 18 ოქტომბერს აშშ-მ ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის 10 წევრსა და ორგანიზაციის ფინანსურ ქსელს ღაზაში, სუდანში, თურქეთში, ალჟირსა და კატარში ფინანსური სანქციები დაადო. ამას გარდა, ფინანსური სანქციები ირანის სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამაში ჩართულ პირებსა და კომპანიებსაც შეეხო.

შემდგომ, 27 ოქტომბერს აშშ-მ ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების დაფინანსების შესაფერხებლად მასთან დაკავშირებულ პირებსა და მხარდამჭერ ირანელებზე სანქციების ახალი პაკეტი დააწესა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები