ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ-მ ჰამასის მნიშვნელოვანი და ირანის სარაკეტო პროგრამაში ჩართული პირები დაასანქცირა

(AP Photo/ Jacquelyn Martin, Pool)

ისრაელზე განხორციელებული ტერორისტული თავდახსმის გამო, აშშ-მ ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის 10 წევრსა და ორგანიზაციის ფინანსურ ქსელს ღაზაში, სუდანში, თურქეთში, ალჟირსა და კატარში ფინანსური სანქციები დაადო. ამას გარდა, ფინანსური სანქციები ირანის სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამაში ჩართულ პირებსა და კომპანიებსაც შეეხო.

აშშ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლიკენის თქმით – "აშშ დაასანქცირებს ყველა პირს, ან ორგანიზაციას, რომლებიც შემხებლობაში არიან ირანის სარაკეტო, უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა ტიპის იარაღის წარმოებასთან".

ასევე, აშშ სახაზინო დეპარტამენტის სანქციებში მოხვდნენ ჰამასის საინვესტიციო პორტფელის განკარგვაზე პასუხისმგებელი პირები, ირანთან მჭიდრო კავშირში მყოფი კატარში რეგისტრირებული ფინანსური შუამავლები, ასევე ჰამასის მეთაურები და ღაზაში რეგისტრირებული ვირტუალური ვალუტის გადამცვლელი ორგანიზაციები.

"აშშ მიმართავს მკაცრ და გადამწყვეტ ზომებს ჰამასის დამფინანსებლებისა და ფინანსური ფასილიტატორების წინააღმდეგ, ჰამასის მიერ ისრაელის ტერიტორიაზე სასტიკი თავდასხმისა და მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების ხოცვა-ჟლეტის შემდეგ. ჩვენ არ მოვერიდებით ჩვენ ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებას, რათა ეფექტურად აღვკვეთოთ ტერორისტების დაფინანსება" – თქვა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯანეტ იელინმა. 


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

კომენტარები