ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასის თქმით, "უახლოესი მეგობარი" რუსეთის მოქალაქეობის მქონე 8 მძევალს ეძებენ

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შენობის კედელზე ჰამასის მძევლების პოსტერებია გაკრული, თელ-ავივი, 2023 წლის 14 ოქტომბერი
Avshalom Sassoni/FLASH90

რუსული სამთავრობო მედიისთვის მიცემულ კომენტარში ჰამასის პოლიტბიუროს წევრმა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მუსა აბუ მარზუკმა თქვა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს მძევლად აყვანილი რუსების სია. მისი თქმით, ჰამასი ამ ადამიანებს ღაზაში ეძებს და მზადაა მათ გასათავისუფლებლად.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით რუსეთის მხრიდან მივიღეთ იმ მოქალაქეების სია, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. ჩვენ დიდი ყურადღებით ვუდგებით ამ სიას და გულდასმით დავამუშავებთ მას, რადგან ჩვენ ვუყურებთ რუსეთს, როგორც ჩვენს უახლოეს მეგობარს". - თქვა მარზუკმა РИА Новости-სთან.

მისი თქმით, რუსეთის მიერ გადაცემულ სიაში სულ რვა სახელია და ამ მძევლების პოვნის შემთხვევაში, მათი გათავისუფლებისთვის მზად არიან.

"რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, ვინც აიყვანეს და ახლა ღაზაში არიან, ჩვენ მათ ვექცევით ისე, როგორც სტუმრებს. ახლა ჩვენ ვეძებთ ამ ადამიანებს [...] რთულია, მაგრამ ვეძებთ. და როგორც კი ვიპოვით გავათავისუფლებთ. მიუხედავად დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე არსებული სირთულეებისა". - აღნიშნა მარზუკმა.

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები