ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

AXIOS: ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელში 3-ვარსკვლავიანი გენერალი გაგზავნა

გენერალ-ლეიტენანტი ჯეიმს გლინი, 2021 წლის აპრილი
Rod Lamkey/CNP/Sipa US/Reuters

Axios-ი ამერიკელ და ისრაელელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ღაზაში მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის დაგეგმვაში დასახმარებლად ისრაელში სამვარსკვლავიანი გენერალი და აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის კიდევ რამდენიმე ოფიცერი გაგზავნა.

როგორც გამოცემა წერს, ისრაელში გაგზავნილ ოფიცრებს შორისაა გენერალ-ლეიტენანტი ჯეიმს გლინი, რომელიც აქამდე საზღვაო ქვეითთა სპეცოპერაციებს ხელმძღვანელობდა და ერაყში ISIS-ის წინააღმდეგ ოპერაციებშიც იღებდა მონაწილეობას.

Axios-ის ცნობით, გლინი და სხვა ოფიცრები ისრაელის სამხედრო აქტივობებში უშუალოდ მონაწილეობას არ იღებენ, თუმცა, IDF-ს ღაზაში შეჭრის გეგმასთან დაკავშირებით რჩევებს აძლევენ. ამასთან, ამერიკელი სამხედროები ისრაელელ კოლეგებს უზიარებენ გამოცდილებას, რაც მათ ISIS-ის წინააღმდეგ მოსულში ბრძოლის დროს მიიღეს.

როგორც გამოცემა წერს, ეს ნაბიჯი ღაზის ომში ბაიდენის ადმინისტრაციის ჩართულობასა და მის სამხედრო დაგეგმარებაში ამერიკის როლს უსვამს ხაზს. Axios-ი აღნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, გლინი უშუალოდ სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ისრაელში არ დარჩება და ამერიკაში დაბრუნდება.

გამოცემამ საკითხთან დაკავშირებით პენტაგონსა და თეთრ სახლსაც დაუსვა კითხვები.

"ჩვენ ვთხოვეთ შესაბამისი გამოცდილების მქონე რამდენიმე ოფიციალურ პირს, უბრალოდ დახმარებოდნენ ისრაელის ოფიციალურ პირებს რთულ კითხვებზე წინასწარ ფიქრში და ვარიანტების კვლევაში. IDF-ი, როგორც ყოველთვის, თავის გადაწყვეტილებას მიიღებს". - უთხრა პენტაგონის წარმომადგენელმა გამოცემას.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ კი 23 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა რომ არსებობენ ამერიკელი სამხედრო ოფიცრები, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვთ იმის მსგავს ოპერაციებში, როგორსაც ისრაელი ატარებს, ამიტომ ისინი "იქ არიან პერსპექტივების გასაზიარებლად და რთული შეკითხვების დასასმელად - სწორედ იმ რთული კითხვების, რომლებსაც დასაწყისიდან ვუსვამთ ჩვენს ისრაელელ კოლეგებს".

კვირას, 22 ოქტომბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც CBS-თან ინტერვიუში თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ესაუბრება ისრაელის ოფიციალურ პირებს ღაზას სექტორში მათ სამხედრო გეგმებზე და იმაზე, თუ როგორ მიაღწიონ საუკეთესო შედეგებს.

"ჩვენ მათ საუკეთესო რჩევებს ვაძლევთ. მნიშვნელოვანია, როგორც ვთქვით, არა მარტო რას აკეთებენ, არამედ როგორ აკეთებენ, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია იმაში დარწმუნებაზე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა დაცულია იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია". - თქვა ბლინკენმა.

აღსანიშნავია, რომ ჰამასის თავდასხმიდან მალევე, 13 ოქტომბერს თელ-ავივში ჩავიდა აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და ისრაელელ კოლეგა იოავ გალანთთან ერთად პრესკონფერენციაც გამართა.

ისრაელმა ღაზაში სახმელეთო ოპერაციისთვის მზადება 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ დაიწყო.

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები