ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ღაზაში ჰამასი სიურპრიზებს გვიმზადებს, ჩვენც გვექნება მათთვის სიურპრიზები – IDF-ის მეთაური

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი გოლანის სარდლებთან შეხვედრისას, 2023 წლის 21 ოქტომბერი
Israel Defense Forces

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ გოლანის ბრიგადის სარდლებს უთხრა, რომ ღაზაში შესვლისას ჰამასის მიერ მომზადებული სიურპრიზებისთვის უნდა მოემზადონ.

"ღაზა კომპლექსურია, ღაზა მჭიდროა, მტერი იქ ბევრ რამეს ამზადებს, მაგრამ ჩვენც ვამზადებთ რაღაცებს მათთვის". - თქვა ჰალევიმ.

IDF-ის მეთაურის თქმითვე, ღაზაში დაიწყებენ პროფესიონალურ სახმელეთო მისიას და ჰამასს გაანადგურებენ.

"ჩვენ შევალთ ღაზის სექტორში. დავიწყებთ ოპერატიულ და პროფესიონალურ მისიას ჰამასის წევრების, ჰამასის ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად და არ დავივიწყებთ ორი კვირის წინანდელი შაბათის სურათებს, სცენებს და დაცემულებს". - აღნიშნა ჰალევიმ.

ისრაელი სახმელეთო ოპერაციისთვის უკვე რამდენიმე დღეა ემზადება.

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები