3+3 ფორმატი

უახლოეს მომავალში ირანში 3+3 ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება – მედია

3+3 ფორმატის შეხვედრა მოსკოვში, 2021 წელი

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს მომავალში ირანში 3+3 ფორმატის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო Trend-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაში მონაწილეობას დათანხმდა სომხეთიც, თუმცა ოფიციალურ ერევანს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან არმენ გრიგორიანთან შეხვედრაზე თქვა, რომ პლატფორმა 3+3 ეფექტური ფორმატია რეგიონული პრობლემების გადასაჭრელად. მაშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც თქვა, რომ შეხვედრები უახლოეს მომავალში 3+3 ფორმატში გაიმართება.

თავის მხრივ, პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა 3+3 ფორმატში შეხვედრებისთვის.

იმის გასარკვევად, მიიღებს თუ არა ქართული მხარე შეხვედრაში მონაწილეობას, ტაბულა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და მას ქართული მხარე არ დასწრებია. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას თბილისის დელეგაცია არ დაესწრო, მხარეების სხდომის ოთახში აღმართული იყო საქართველოს დროშაც, რაც დაგმო საქართველოს საგარეო უწყებამ. 

პირველი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 3+3 პლატფორმაში საქართველოსთვის კარი ღია რჩება.

პირველი შეხვედრის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო სხდომა შესაძლოა თურქეთში ჩატარებულიყო. რუსულ მედიასთან ისაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და თქვა, რომ 3+3-ის მომდევნო შეხვედრის ჩატარებას თურქეთში ელოდნენ და იმედოვნებდნენ საქართველოს მხარის ჩართვასაც.

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის, იგივე ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნის იდეა. ეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის ივნისში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს და თქვა, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი და ეს მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.

2021 წლის მარტში, დავით ზალკალიანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საგანი 3+3 ფორმატიც იყო. შეხვედრის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მას ესმოდა თბილისის ფრთხილი პოზიცია ამ რეგიონალურ იდეასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

2022 წლის იანვარში სერგეი ლავროვმა კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთი მოხარული იქნება თუ 3+3 ფორმატის მომდევნო შეხვედრა საქართველოს მონაწილეობით გაიმართება.

2023 წლის მარტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ოფიციალური თბილისი ჯერ კიდევ ფიქრობს შეუერთდეს თუ არა 3+3 ფორმატს.

კომენტარები